თინა ხიდაშელი: MAP-ი არის ერთგვარი წარსული საქართველოსთვის

MAP-ი არის ერთგვარი წარსული საქართველოსთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განუცხადა.

„ხაზგასმით და ცალსახად ვამბობ, ვისაც წერა და კითხვა არ ეზარება შეუძლია გადაამოწმოს ინსტრუმენტები, რომლითაც საქართველო სარგებლობს ნატო-სთან ურთიერთობაში და მათ შორისაა ერთობლივი სასწავლო ცენტრი – ეს არის იმ ტიპის ინსტრუმენტები, რაც არასოდეს არც ერთ ქვეყანას მანამდე არ ჰქონია და არც დღეს აქვთ იმ ქვეყნებს, ვისაც MAP-ი აქვს. ჩემთვის პირადად და ეს არ არის მარტო ჩემი პოზიცია, ეს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაა, რომ MAP-ი არის ერთგვარი წარსული საქართველოსთვის. 2015 წლის დეკემბრის მინისტერიალზე, პრინციპში, ეს ასეც ითქვა, რომ MAP-ი გახდა პოლიტიკური პროცესების ნაწილი და მას არავითარი საერთო აღარ აქვს პრაქტიკულ ინსტრუმენტებთან. შეგახსენებთ, დოკუმენტში ცალსახად ჩაიწერა, რომ საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი გაწევრიანების გზაზე. გაწევრიანების გზაზე MAP-ი არ არის ამოცანა, ჩვენთვის ამოცანა გაწევრიანებაა“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, იქნება თუ არა ვარშავის სამიტზე თავდაცვის მინისტრი, ხიდაშელის თქმით, ამ კითხვაზე რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა პასუხი გასცა და ის აღარ აპირებს დამატებითი კომენტარების გაკეთებას.

ამასთან, როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრი ოფიციალურად 15 მაისს დაიწყებს ფუნქციონირებას.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: თუ რომელიმე მინისტრი იქნება კანდიდატი, რა თქმა უნდა, მას მოუწევს კანონის დაცვა
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელ: დარწმუნებული ვარ საარჩევნო თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტი და პრემიერი შეთანხმდებიან