თინა ხიდაშელი – ლევან იზორიამ ცოტა მეტი იმეცადინოს, რათა იცოდეს, წვრთნები როდის და რა პირობებში იგეგმება

სანამ გაარკვევს ლევან იზორია სისხლის სამართლის დანაშაული მოხდა თუ არა და ვინ არის ამაში პასუხისმგებელი, თავდაცვის მინისტრი ვალდებულია გაუფრთხილდეს შეიარაღებული ძალების პრესტიჟს, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა 2030.news-სთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სამარცხვინოა, როდესაც თავდაცვის მინისტრი შეიარაღებულ ძალებზე თავისი ქვეყნის სამხედროებზე ამბობს, რომ მასობრივი დანაშაული ჩაიდინეს.

“ცოტა თავი უნდა შეიკავოს და ხანდახან აქეთ-იქით გაიხედოს, რომელი უწყების ხელმძღვანელია, არ დაავიწყდეს. მე მას ვურჩევდი, რომ ცოტა იმეცადინოს, რადგან არსებობს სხვადასხვა ტიპის წვრთნები, ერთჯერადი და რეგულარული წვრთნები, რომელსაც აქვთ გაწერილი გრაფიკი და რომელიც წლების განმავლობაში მუდმივად ტარდება. ასევე ჩემს დროს დაიგეგმა Agile-spirit, რომლებიც ამ დღებში დაიწყება ამერიკული ტექნიკა და შეიარაღება ჩამოვიდა საქართველოში და მე ამით ნამდვილად ვამაყობ. ჩემს დროს დაიგეგმა ასევე Noble partner ამ მასშტაბის წვრთნა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად ჩატარდა”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თინა ხიდაშელი ლევან იზორიას მოუწოდებს თავი შეიკავოს შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან.

“რაც შეეხება, ამ კონკრეტულ წვრთნას, ეს არის რუტინული წვრთნა, რომელიც მუდმივად ტარდება და რომელიც ბევრი წლის წინ დაიგეგმა. მე მას ვურჩევდი მაქსიმალურად შეეცადოს, იქნებ როგორმე გამოუვიდეს, რომ შეურაცხყოფა არ მიაყენოს შეიარაღებულ ძალებს თავისი გაუგებარი განცხადებებით. ცოტა მეტი იმეცადინოს, რათა იცოდეს წვრთნები როდის და რა პირობებში იგეგმება”, – განაცხადა ხიდაშელმა.

ლევან იზორია ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა, რომ ე.წ. მყვინთავ მებრძოლთა კურსის ინსტრუქტორებს წვრთნების ჩატარების უფლებამოსილება არ ჰქონდათ.

“ე.წ. მყვინთავ მებრძოლთა კურსები 2011 წლიდან ტარდება. ეს იყო ბოლო კურსი, რომელიც 15 ივნისიდან დაიწყო და სრულდებოდა 26 აგვისტოს. აღმოჩნდა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში არ იყო გაწერილი პროცედურები, თუ რის საფუძველზე უნდა მოხდეს წვრთნები. უცხოეთის ქვეყნებში, იქ სადაც წვრთნები უკავშირდება ჯარისკაცის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, გარკვეულ საფრთხეს უქმნის მას, აუცილებელია ამ წესების არსებობა. რაც შეეხება მეორე ფაქტს, ინსტრუქტორებს, საქართველოში არ არსებობს სერტიფიცირებული ინსტრუქტორი, შესაბამისად, მათ არ ჰქონდათ უფლებამოსილება, როგორც ინსტრუქტორებს, ეს წვრთნები ჩაეტარებინათ. აქ იკვეთება დანაშაულის ნიშნები, თუ ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება. აქ ჩანს სამსახურეობრივი გულგრილობის ნიშნები”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

banner
წინა სტატიაშიმოსკოველმა ტურისტებმა საკუთარი მეგობრი მთებში მიატოვეს რომ თვითმფრინავზე არ დაგვიანებოდათ
შემდეგი სტატიააშშ-სა და თურქეთის პრეზიდენტები ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრაზე გიულენის ექსტრადირების საკითხს განიხილავენ