თინა ხიდაშელი: ყველამ ერთად უნდა დავამტკიცოთ, რომ „მეტი ნატო საქართველოში“ ფაქტია

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საერთაშორისო ინტერნეტპორტალ “ევრო დიალოგი XXI”-სთან ინტერვიუში ვარშავის სამიტის მოლოდინებზე ისაუბრა.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, საქართველოს სჯერა, რომ სამიტის შედეგად ნატო-საქართველოს ურთიერთობებში ბარიერები აღარ იქნება. თავდაცვის მინისტრი გამოცემასთან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხსა და საქართველოს მთავრობის მტკიცე საგარეო კურსზე საუბრობს.

„საქართველოს მთავრობა არ აპირებს შეცვალოს საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს ეფუძნება – საქართველო ევროპული დემოკრატიის ქვეყანაა. ჩვენ მზად ვართ ნატო-სთვის და ეს არაერთხელ დავამტკიცეთ. საქართველო მეგობარი სახელმწიფოების სანდო და ერთგული პარტნიორია. მთავრობა დემოკრატიული, პოლიტიკურად პროგნოზირებადი და საიმედო მოკავშირეა, ქართული ჯარი კი – ანგარიშგასაწევი ძალა“, – აცხადებს თინა ხიდაშელი და აღნიშნავს, რომ საქართველო ნატო-ში ინტეგრაციისთვის მზაობას ნატო-ს წარმომადგენლებიც ადასტურებენ.

მინისტრმა 2016 წლის „ვარშავის სამიტის“ მოლოდინზეც ისაუბრა.

„მთავარი მიზანი უცვლელია – ჩვენ უნდა გავხდეთ ნატოს წევრები და ყველაფერს ვაკეთებთ ამ პროცესის დასაჩქარებლად. გვჯერა, რომ სამიტის შედეგად ნატო-საქართველოს ურთიერთობებში ბარიერები აღარ იქნება და საქართველოს პროგრესი ღიად, თამამად და ყველასთვის გასაგებ ენაზე დაფიქსირდება. ჩვენ, ყველას ერთად გვჭირდება ხელშესახები შედეგი. ყველამ ერთად უნდა დავამტკიცოთ, რომ „მეტი ნატო საქართველოში“ ფაქტია“, – განაცხადა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3990 ლარია
შემდეგი სტატიამიხეილ მაჭავარიანი: პარლამენტი აქაც ასრულებს ივანიშვილის ნებას