„ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი და თავდაცვის ექსმინისტრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მამუკა მდინარაძის პოლიტიკური ბედი უკვე გადაწყვიტა, ხოლო პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მას ახალი პოსტების მოფიქრებით ეხმარება.
ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებლის შეფასებით, საკადრო ცვლილების მთავარი მიზეზი მდინარაძის მიერ ძალოვან უწყებებთან უფლებამოსილების გადაკვეთა გახდა.
„როგორც კი გადაიკვეთა მისი გზები ივანიშვილის მიერ ხელდასმულ რეალურ მმართველებთან სამართალდამცავ სისტემაში, მაშინვე კობახიძემ მიიღო დავალება, რომ ამ ბიჭს რაღაც ზედმეტები მოსდის და სასწრაფოდ სახლში გაუშვითო. კობახიძე დაკავებულია თავისი ძმაკაცის შრომითი მოწყობით — არ ემეტება ნაგავში გადასაგდებად, რისთვისაც, როგორც ჩანს, ბიძინამ ის უკვე გაიმეტა“, — განაცხადა თინა ხიდაშელმა „TV პირველთან“.
ხიდაშელი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პარლამენტს ცვლილებები კანონში ჯერ არ შეუტანია, რადგან სესიები არ მიმდინარეობს. შესაბამისად, მდინარაძე გაათავისუფლეს პოსტიდან, რომელიც იურიდიულად ჯერ არსებობს და დანიშნეს თანამდებობაზე, რომელიც ჯერ არ შექმნილა.
ყოფილი მინისტრის თქმით, ეს პროცესი ადასტურებს, რომ ივანიშვილს ერთი კვირითაც კი არ სურდა მდინარაძის ძველ პოსტზე დატოვება.
ცნობისთვის, 29 ივლისს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იქმნება რეგიონული პოლიტიკის სახელმწიფო მინისტრის პოსტი, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს (ის ასევე ინარჩუნებს ვიცე-პრემიერის სტატუსს).
ცვლილებების ფარგლებში უქმდება სამართალდამცავთა კოორდინაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა (რომელსაც აქამდე მდინარაძე იკავებდა) და რეგიონული განვითარების სამინისტრო, რომელსაც სექტემბრამდე, უწყების საბოლოო გაუქმებამდე, ასევე მდინარაძე ჩაუდგება სათავეში.















