თინა ხიდაშელი: დროშები დაუშვით ევროსკეპტიკოსებო!

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 24, 2018 13:26

თინა ხიდაშელი: დროშები დაუშვით ევროსკეპტიკოსებო!

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტს ეხმაურება.

,,დროშები დაუშვით ევროსკეპტიკოსებო!

გერმანიაზე გადის ჩვენი წარმატების, ცივილიზაციის, ევროპა და ნატოს გზა.
გერმანიის, შესაბამისად მისი კანცლერის, პოზიცია პრაქტიკულად ყველა სხვა პოზიციათა ჯამის ტოლფასია.
სწორედ გერმანიის კარზე კაკუნი, ბრახუნი, ახსნა, მტკიცება, მუდმივი კეთილგანწყობა, მათი ინტერესების გაგება/გათვალისწინება და საკუთარის მუდმივი შეთავაზება ყოველი ჩვენგანის საქმედ უნდა ვაქციოთ. ყოველი ჩვენგანის და არა მხოლოდ პოლიტიკური კლასის.
გერმანელების კეთილგანწყობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
კანცლერის ვიზიტის წართულმა მენეჯმენტმა სწორედ ამგვარი მიდგომის და ამ, ჩემი აზრით, მარტივი კონცეფციის გაუთვალისწინებლობა აჩვენა.

1. გერმანიის კანცლერი ჯორჯ ბუშის შემდეგ ყველაზე მაღალი რანგის სტუმარია ჩვენს თანამედროვეობაში. ამის ვერ შეფასება / დაფასება ძალიან სამწუხაროა და არც თუ მაინცდამაინც კარგის მაჩვენებელი;
ამ ვიზიტის მნიშვნელობის დაკნინება კი აეროპორტში დახვედრიდან დაწყებული გაცილებამდე ერთმნიშვნელოვნად გამოჩნდა.

2. რა თქმა უნდა არ მჯერა რომ კანცლერის გზავნილები შეიცვლებოდა იმის მიხედვით პრემიერი იკადრებდა და აეროპორტში დახვედებოდა თუ არა, ან მის მიერ ჩამოყვანილ ბიზნესს ეკონომიკის მინისტრი გააბედნიერებდა ფორუმსა და შეხვედრებზე საკუთარი დასწრებით თუ არა, ალბათ არც ის შეცვლიდა გზავნილებს “ღირსეულ პარტნიორში” გერმანელი სამხედროების მონაწილეობის გამო თავდაცვის მინისტრი მადლობას მოუხდიდა თუ არა, მაგრამ ამასობაში ყველამ, ვისაც საჯარო პოლიტიკის ანაბანა გაგვეგება კარგად ვიცით, რომ საერთაშორისო პოლიტიკაშიც, ისევე როგორც ყველგან სხვაგან პირად ურთიერთობებს, სიმპატია-ანტიპატიებს, მობილურის ნომრების გაცვლას დიდი მნიშვნელობა აქვს.

3. თუკი ცივილიზებული სამყაროს წევრობის პრეტენზია გვაქვს და სერიოზულად ვფიქრობთ ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ამ ოჯახში მოქცევის წესებიც უნდა ვისწავლოთ.

4. ჩვენი გემოვნების საქმე არ არის ვინ იქნება გერმანიის კანცლერი, მოგვწონს თუ არა, გვესმის მისი თუ არა. ის არის გერმანიის კანცლერი. ჩვენი დღევანდელი ან ხვალინდელი ევროპული წარმატების პერსპექტივა პრაქტიკულად თანაბრად სწორედ ჩვენს მიღწევებსა და გერმანიის კანცლერის პრაგმატიზმზეა დამოკიდებული.

5. ქილიკი ვიზიტზე, დამცინავი პოსტები მხოლოდ საქართველოს დიად საბჭოეთში დამბრუნებელთა წისქვილზე ასხამს წყალს.

6. მერკელის ყველა სიტყვის უკან უნდა ვეძებოთ საკუთარი თავი, საკუთარი შეცდომა, რა დავაკელით, სად ვერ გავიგეთ და არა ის თუ რა ცუდი და გაუგებარია ის. გერმანელი ამომრჩეველი ჩვენ არ გვეკითხება ვინ იქნება მათი კანცლერი. მათი კანცლერი კი კიდევ დიდი ხანს იქნება ჩვენი ევროპისკენ, და შესაბამისად ცივილიზაციისა და წარმატებისკენ გზის გამმკვლევი ან შემაფერხებელი.

7. უნდა მოვახერხოთ ვიყოთ ფხიზლად, მაგრამ იმავდროულად ძალიან ძალიან პრაგმატილი პოლიტიკით ვიცხოვროთ წარმატების მისაღწევად”- წერს სოციალურ ქსელში თინა ხიდაშელი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 24, 2018 13:26