თინა ხიდაშელი: ჩვენი გამოწვევაა NATO-ს მიმართ ნდობის საკითხი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გერმანიის მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

“ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საქართველოს მსგავს ქვეყანას შესაძლებლობა აქვს, მიიღოს მონაწილეობა დისკუსიებში, მუდმივად იყოს დღის წესრიგში და მისი საკითხი არ კარგავდეს აქტუალურობას. მართებულად ახსენეს ეს საკითხი “ღია კარის“ პოლიტიკის საიმედოობის შესახებ საუბრისას. მე ვიტყოდი, რომ აქ საქმე ეხება არა მხოლოდ “ღია კარის“ პოლიტიკას, არამედ, ნდობას მიმართ, თუ რამდენად შეძლებს ის დარჩეს საკუთარი გადაწყვეტილებების მიმართ ერთგული, თუ NATO-ს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენას სხვა გამოწვევები მოახდენს.

როდესაც ვსაუბრობთ ვარშავის სამიტის მოლოდინებზე, ჩვენ ვეყრდნობით იმ ფაქტებს, რომელზეც მაკედონიის თავდაცვის მინისტრი საუბრობდა. მაგალითად იმას, რომ ქვეყნები უნდა ფასდებოდნენ მათი დამსახურების მიხედვით; იმის მიხედვით, თუ როგორი პარტნიორები არიან და რა წვლილი მიუძღვით უსაფრთხოების უზრუნველყოფაში; არის თუ არა ეს ისე, როგორც ბევრ დოკუმენტში წერია; ზრუნავს თუ არა ის NATO-ს უსაფრთხოებაზე და ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის კონცეფციაზე.

მეორე მხრივ, NATO არ არის მხოლოდ სამხედრო ალიანსი და ჩვენ ვსაუბრობთ ამ ქვეყნების სხვა მიღწევებზეც – აკმაყოფილებენ თუ არა ისინი დემოკრატიული კლუბის მოთხოვნებს, სადაც ქვეყნებს ერთიანი ღირებულებები და პრინციპები აერთიანებს. სამწუხაროდ, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ ჩვენი გამოწვევაა NATO-ს მიმართ ნდობის საკითხი.

2008 წელს, ნათლად ითქვა, რომ საქართველო და უკრაინა გახდებოდნენ NATO-ს წევრი ქვეყნები უპირობოდ, რიგი გარემოებების გათვალისწინების გარეშე. მაშინ არავის წამოუყენებია საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პირობად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობა. სამწუხაროდ, ბოლო დროს, აქტიურად გვიყენებენ პირობებს NATO-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, რაც თავიდან NATO-საქართველოს ურთიერთობაში არ წარმოადგენდა განმსაზღვრელ ფაქტორს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ არსებობს პრობლემა, რომელსაც ზოგჯერ ვერ ვამჩნევთ ან მასზე არ ვსაუბრობთ – ეს არის რუსეთი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ისეთი ორგანიზაციების გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომლის წევრიც არ არის, იქნება ეს ევროკავშირი თუ NATO. რუსეთი შემოიჭრა დამოუკიდებელ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების დიდი ნაწილიც ოკუპირებული აქვს, როგორც მოხდა მაგალითად, ყირიმის შემთხვევაში. როდესაც გვეუბნებიან, რომ საქართველოს NATO-ში ინტეგრაცია დამოკიდებულია აღნიშნული პრობლემების გადაჭრაზე, ამით მწვანე შუქს ვუნთებთ რუსეთს, რათა იმოქმედოს ისე, როგორც მოქმედებდა მეზობელი ქვეყნების განვითარების შესაფერხებლად. როდესაც ვამბობთ, რომ NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა მოგვარდეს ტერიტორიული პრობლემები, ამით ვქმნით უარყოფით წრედს, რაც რუსეთს ბიძგს აძლევს გაატაროს ჩვეული პოლიტიკა. სწორედ ასე მოხდა უკრაინის შემთხვევაში. ჩვენ კიდევ 2008 წლის ომის შემდეგ ვსაუბრობდით აღნიშნულ საფრთხეებზე. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს პასუხს არ მოსთხოვენ ჩადენილი უკანონობისთვის, კიდევ უფრო მეტი გამოწვევის წინაშე დავდგებით, რისი ნათელი მაგალითიცაა უკრაინა.

როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა ნიშნავს მხოლოდ მე-5 მუხლის ქვეყნების ერთიანობას, თავისუფლებასა და მშვიდობას, ასეთი ევროპა ვერ იქნება ვერც ერთიანი, ვერც თავისუფალი და ვერც მშვიდობიანი“.

banner
წინა სტატიაშიმაგდა პაპიძე მოწმეს: რატომ გამორიცხავთ, რომ ფანჯრიდან გადმოსულიყო ვინმე
შემდეგი სტატია“ზურაბ ჭანკოტაძე არ არის ერთადერთი, როდესაც წინა ხელისუფლების დროს ადამიანთა უფლებების დარღვევისთვის საქართველოს ფინანსური სანქციები დაეკისრა”