თინა ხიდაშელი: ჩვენი ამოცანაა, საქართველო სრულფასოვანი პარტნიორი იყოს შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემის

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი ბრიუსელში, თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხვალ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, რომელზეც უშუალოდ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის საშუალებების გაძლიერებაზე იქნება საუბარი.

“თავდაცვის მინისტერიალში საქართველო მონაწილეობს, როგორც ნატო-ს სრულფასოვანი პარტნიორი და, შესაბამისად, ჩართულია იმ დისკუსიებში, რომელიც უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას, მათ შორის, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო, შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემას ეხება. ბუნებრივია, ჩვენ გვექნება სრული თანამონაწილეობა, სიტყვისა და დისკუსიაში მონაწილეობის უფლება, რაც გვაძლევს საშუალებას, მაქსიმალურად ვთქვათ იმ ინტერესის შესახებ, რაც ამ მიმართულებით საქართველოს აქვს”, – განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, ხვალ უკვე არის ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელზეც უშუალოდ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის საშუალებების გაძლიერებაზე იქნება საუბარი.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, ვარშავის სამიტისგან ქართული მხარის მთავარი ამოცანა არის ის, რომ საქართველო გამოვიდეს თავდაცვისუნარიანობის იმგვარი გაძლიერებით, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე ადვილად გაიგებს.

“როდესაც ჩვენ ამის შესახებ მოვყვებით, არავის უნდა დარჩეს კითხვა, თუ რატომ იყო ეს მნიშვნელოვანი და რამდენად წინ წაიწია ქვეყანამ არა მხოლოდ ნატო-საქართველოს ურთიერთობებში, არამედ, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით. ამ წუთას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი არის შავი ზღვის უსაფრთხოება, რომელიც ნატო-ს დღის წესრგში ყირიმის ოკუპაციის შემდეგ დადგა. ბუნებრივია, როდესაც ამ ზღვაზე სამი წევრი და ორი პარტნიორი ქვეყანა გყავს, შეუძლებელია ვისაუბროთ რამე ახალი სისტემის, ახალი არქიტექტურის შექმნაზე ყველას თანამონაწილეობის გარეშე. თანამონაწილე უნდა იყოს ყველა, ვისზეც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ საკითხმა – ზიანი მიადგეს, ან სარგებელი მიიღოს. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, საქართველო სრულფასოვანი, თანასწორი პარტნიორი იყოს შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემის, რომელიც ნატო-ს ფარგლებში შეიქმნა”, – განაცხადა მინისტერიალის დაწყებამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიმებაჟეებმა რუსეთიდან სიგარეტის უკანონო შემოტანის ფაქტი გამოავლინეს
შემდეგი სტატიაშშ-ს დაზვერვის ხელმძღვანელი: საქართველომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ძალისხმევა შესაძლოა შეაჩეროს