თინა ხიდაშელი – ჩვენც ვცდილობთ, რაც შეიძლება ამაყად ვატაროთ ქართული დროშა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტს განაგრძობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქაბულის შემდეგ თინა ხიდაშელი გენერალური შტაბის დელეგაციასთან ერთად ბაგრამის საავიაციო ბაზას ესტუმრა, სადაც ამჟამად “მტკიცე მხარდაჭერის” მისიას 22-ე ბატალიონისა და ეროვნული გვარდიის ოცეულის პირადი შემადგენლობა ასრულებს. თავდაცვის მინისტრი ბაგრამის საავიაციო ბაზის ხელმძღვანელს, გენერალ-მაიორ როჯერ ბანისტერსაც შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა თინა ხიდაშელთან საუბრისას ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი და 2015 წლის 21 დეკემბერის ინციდენტისას ამერიკელი სამხედროების გადარჩენისთვის მადლობა გადაუხადა. “ძირითადად ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების გარემოზე ვისაუბრეთ, ქართველი სამხედრო მოსამსახურეების როლზე. გენერალმა მადლობა გადაგვიხადა ბოლო ინციდენტის დროს ქართველი სამხედროების მიერ გამოჩენილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის, როდესაც მათ აფეთქების შედეგად დაჭრილი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები გადაარჩინეს. ასეთი ამბები შეუმჩნეველი არ რჩებათ ამერიკელებს. ისინი მუდმივად გამოხატავენ მადლიერებას და სურთ დაგვიმტკიცონ, რომ წვლილი, რომელიც ჩვენ შეგვაქვს უსაფრთხოებასა და ამ ბაზის საქმიანობაში, აბსოლუტურად შეუფასებელია. ჩვენც ვცდილობთ, რაც შეიძლება ამაყად ვატაროთ ქართული დროშა”, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა ამერიკელ გენერალთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. თავდაცვის მინისტრმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულ ქართულ კონტინგენტთანაც გამართა შეხვედრა. 22-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მანუჩარ ბარბაქაძემ დელეგაციას ქართული ქვედანაყოფის შტაბის შემადგენლობა წარუდგინა და სამოქმედო არეალში შექმნილი ვითარება გააცნო. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ქართველი სამშვიდობოების პრობლემებიც მოისმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა. სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით კი, 22-ე ბატალიონმა თინა ხიდაშელს ავღანეთში სამხედრო ბაზაზე აღმართული საქართველოს სახელმწიფო დროშა საჩუქრად გადასცა. ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის უწყების დელეგაცია ქართველი სამხედროების დაჯილდოების ცერემონიალსაც დაესწრო. 22-ე ბატალიონისა და ეროვნული გვარდიის იმ სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებიც 2015 წლის 21 დეკემბერის ინციდენტისას ამერიკელი ჯარისკაცების გადარჩენაში უშუალოდ იყვნენ ჩართულები, უწყებრივი მედლები “სიცოცხლის გადარჩენისთვის” მიიღეს.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია აღმაშენებლის გამზირის მეორე ნაწილის რეაბილიტაციას გეგმავს
შემდეგი სტატიადეპუტატები, რომლებიც ახალ სიაში ვერ შევლენ, სავარაუდოდ, სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურაში დასაქმდებიან