ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში შესწორება დააყენა, რასაც ასამბლეამ მხარი ერთხმად დაუჭირა. ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
პარტიის ცნობით, ბოკუჩავამ შესწორება რეზოლუციაში ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს და უკრაინის დელეგაციების თანა-წარდგინებით, რუსეთის მიერ ოჩამჩირეში, ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზის შექმნასთან დაკავშირებით დააყენა. შესწორების ტექსტი კი ასეთია: “ვგმობთ რუსეთის გაცხადებულ განზრახვას, ააშენოს საზღვაო ბაზა ოჩამჩირეში, საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც უკანონოდ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც შავი ზღვის რეგიონის დესტაბილიზაციის დამატებით საფრთხეს ქმნის”. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ შესწორებას მხარი ერთხმად დაუჭირა.