საზოგადოებამ იხილა ცესკო-ში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით კირთაძის პროტესტი გიორგი კალანდარიშვილის მიმართ, რომელიც არის მთავარი შემსრულებელი რუსული სპეცოპერაციის, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, „გიორგი კალანდარიშვილი უკვე ფიზიკურადაც ატარებს შავ ლაქას, რომელსაც ის ვერასოდეს მოიშორებს არჩევნების გაყალბებისთვის“.
„ჩქარობენ, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ საზოგადოება არ შეეგუება მიტაცებული არჩევნების შედეგებს, ამიტომ ეჩქარებათ ამ მიტაცებული არჩევნების დაკანონება, იქნება ეს სასამართლოში, საოლქო კომისიებში თუ ცესკო-ში. საზოგადოებამ იხილა ცესკო-ში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით კირთაძის პროტესტი გიორგი კალანდარიშვილის მიმართ, რომელიც არის მთავარი შემსრულებელი რუსული სპეცოპერაციის, რის შედეგადაც ქართველი ხალხის თავისუფალი ნების მიტაცება მოხდა 26 ოქტომბერს. ახლა ის უკვე ფიზიკურადაც ატარებს იმ შავ ლაქას, რომელსაც ის ვერასოდეს მოიშორებს არჩევნების გაყალბებისთვის, რაც გახდა ერთგვარი სიმბოლო სწორედ ამ მიტაცებული და ტოტალურად გაყალბებული არჩევნების.
ჩვენ გუშინაც ვნახეთ სააპელაციო სასამართლომ როგორ ვერ გაბედა სხდომის ჩატარება „ნაციონალური მოძრაობის“ შეტანილი სარჩელის განსახილველად. იქაც პროტესტის ფორმით 1 260 გვერდიანი მტკიცებულებები კიბეზე დავტოვეთ პროტესტის ნიშნად, რადგან რეალურად ქვეყანაში გაუქმებულია საარჩევნო ადმინისტრაცია, სასამართლო, თავად არჩევნების ინსტიტუტი და არჩევნების უფლება. ამის დაბრუნება ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ პროტესტით, იქნება ეს სასამართლოსთან, ცესკო-ში, რუსთაველის გამზირზე, თუ უნივერსიტეტში სტუდენტების მიერ გამოხატული. ნებისმიერი ფორმით ჩვენ უნდა გამოვხატოთ პროტესტი, რომ დავიბრუნოთ არჩევნების უფლება, მიტაცებული სახელმწიფო და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცესკო-ს სხდომაზე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს დაუდგენელი ნივთიერება შეასხა.