16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

თინა ბოკუჩავა: პატრიარქის დაკრძალვის დღე საკუთარი პროპაგანდისთვის და ქულების დაწერისთვის გამოიყენა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხელისუფლებამ, პატრიარქის დაკრძალვის დღე საკუთარი პროპაგანდისთვის და ქულების დაწერისთვის გამოიყენა.

„ისეთი მძიმე დღეები, როგორიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გამოიარა ქართველმა ერმა და ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა ჩვენს ქვეყანაში და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, უნდა იყოს ხოლმე შანსი საზოგადოების მაქსიმალურად გაერთიანების. ჩემდა სამწუხაროდ, ივანიშვილის რეჟიმმა ეს მძიმე დღეებიც კი საკუთარი პროპაგანდისთვის და ქულების დაწერისთვის გამოიყენა. ვფიქრობ, ბევრი მართლმადიდებელი ძალიან დამძიმებული იყო იმ ფარისევლობით, რასაც ჩვენ რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან ვხედავდით.

ვისურვებდი, რომ ასეთ დღეებში მაინც შესაძლებელი ყოფილიყო ერის გაერთიანება და ჩვენ ამისთვის ყველანაირი მზაობა გამოვხატეთ. მათ შორის, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოითხოვა დასწრება სამგლოვიარო ცერემონიაზე, როგორც მისი მეგობრის და მისი შვილის ნათლიის. ასევე ადამიანის, რომელთან ერთადაც როგორც საერო ხელისუფლების ლიდერი მართავდა ამ ქვეყანას 9 წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, მას ამის შესაძლებლობა არ მიეცა. ამის შესაძლებლობა არ მომეცა არც მე, მიუხედავად იმისა, რომ მე მქონდა ამის სურვილი, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ვყოფილიყავით წარმოდგენილი ამ უმნიშვნელოვანეს დღეს ტაძარში. მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქოსგან იყო ამის მზაობა, სამწუხაროდ, ე.წ. სახელმწიფო კომისია წინააღმდეგი აღმოჩნდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რეჟიმის წევრებმა, ე.წ. ხელისუფლებამ, ეს დღე არ გამოიყენა ერის გამთლიანებისა და გაერთიანებისთვის“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი: როგორც ყოველთვის, სააკაშვილი ბოდავს
შემდეგი სტატიაგალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა