თინა ბოკუჩავა – მიხეილ სააკაშვილს ყველაზე კარგად ესმის, დღეს რა არის საჭირო რუსული რეჟიმის დასამარცხებლად, ეს არის ერთიანი ფრონტი ოპოზიციურ ველზე

პრეზიდენტ სააკაშვილს ყველაზე კარგად ესმის, დღეს რა არის საჭირო რუსული რეჟიმის დასამარცხებლად და ეს არის ერთიანი ფრონტი ოპოზიციურ ველზე, ეს შესაძლებელია იყოს იმგვარი ერთობის კომიტეტის, ან ნებისმიერი კოორდინაციის სტრუქტურის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ ამ გადამწყვეტ ბრძოლაში პროდასავლურ ოპოზიციას გვექნება ერთიანი ფრონტი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავამ კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომელიც ოპოზიციას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტის შექმნას სთავაზობს და აღნიშნა, რომ იზიარებს ყოფილი პრეზიდენტის ინიციატივას.

„ეს შესაძლებელია არ იყოს ფორმალური ერთიანი სია ან კოალიცია, მაგრამ იმგვარი ერთობის კომიტეტის, ან ნებისმიერი კოორდინაციის სტრუქტურის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ ამ გადამწყვეტ ბრძოლაში პროდასავლურ ოპოზიციას გვექნება ერთიანი ფრონტი. ეს არის მართლაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გახდება გადამწყვეტი გამარჯვებისთვის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის 2024 წლის არჩევნებში. ამიტომ აბსოლუტურად ვიზიარებ ამ ინიციატივას. თქვენ გახსოვთ მათ შორის ერთობის მანიფესტი. ახლა ერთობის კომიტეტზეა საუბარი და ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია სწორედ საერთო ოპოზიციური ფრონტის შექმნა გამარჯვებისთვის ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ამასთან, ბოკუჩავა აცხადებს, რომ მზად არის მონაწილეობა მიიღოს ერთობის კომიტეტის მუშაობაში.

„რა თქმა უნდა. მე აბსოლუტურად ყველა ჩემს საჯარო კომუნიკაციაში , ყოველთვის ხაზს ვუსვამ იმას, პერსონალურად რამდენად მნიშვნელოვნად მიმაჩნია ერთობა ოპოზიციურ ველზე. ძალიან მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული უსამართლობაა მისი უკანონო და უსამართლო ტყვეობა, პუტინის საამებლად, ისიც, ყველაზე რეალისტურად და სწორად აღიქვამს დღევანდელ მოცემულობას და იმას, თუ რა უნდა გახდეს გადამწყვეტი გამარჯვებისთვის და ეს არის სწორედ საერთო, ერთიანი ოპოზიციური ფრონტი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ამასთან, ბოკუჩავას თქმით, იმედი აქვს, რომ ერთიანობის იდეის სისწორეში დარწმუნდება ყველა პროდასავლური პარტია.

„ეს არ არის მაინც და მაინც რაღაც ფორმალისტური გაერთიანება, თუნდაც კოალიციის სახით. იცით, რომ ჩვენ გვაქვს გამარჯვების კოალიცია, მაგრამ მნიშვნელოვანია საერთო კოორდინაციის მექანიზმის შექმნა. მე იმედი მაქვს, რომ საერთო გამარჯვების მიზნის მისაღწევად ყველა პროდასავლელი ოპოზიციონერი ამ იდეის სისწორეში და მის მნიშვნელობაში დარწმუნდება, უკვე დარწმუნებული არ არის“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტის შექმნას სთავაზობს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, პირველ ეტაპზე იქნება პაკ-ი, პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, რომელშიც 20-25 ადამიანი უნდა შევიდეს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ზარქუა – მიხარია, რომ სააკაშვილი ჯანზეა, სუპერ პაკ-ზე ფიქრობს და ხელმოცარულებს გაერთიანების შესახებ მიმართავს, ჭიჭე, ხაბე, ხოშტარა და ჯაფარა, მიაწექით სუპერ პაკ-ს
შემდეგი სტატიადადგენილია იმ მოზარდის ვინაობა, რომელიც ძაღლმა გაკაწრა