თინა ბოკუჩავა ირაკლი კობახიძის უკრაინაში ვიზიტზე – ეჭვი მაქვს, რომ ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე საუბარი შეეხება სააკაშვილს

ეჭვი მაქვს, რომ ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე, საუბარი ყოველთვის შეეხება მიხეილ სააკაშვილს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ საქართველს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, ორი სახელმწიფო კოორდინირებულად მოქმედებს სააკაშვილის წინააღმდეგ.

“ის რომ ორი სახელმწიფო სრულიად კოორდინირებულად მოქმედებს უმაღლეს დონეზე იმისთვის, რომ შეებრძოლონ მათ მთავარ პოლიტიკურ ოპონენტს, არაერთხელ დამტკიცდა. მათ შორის მაშინ, როდესაც პოროშენკო ჩამოვიდა საქართველოში და პირადად ეწვია ბიძინა ივანიშვილს, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე თითქმის სამი წლის განმავლობაში არანაირი მაღალი დონის შეხვედრა არ იყო საქართველოს და უკრაინას შორის. ასე რომ, მე ეჭვი მაქვს, რომ ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე იქნება ეს კობახიძე თუ კვირიკაშვილი, საუბარი ყოველთვის ეხება მიხეილ სააკაშვილს, რადგან დღესდღეობით მთავარ საფრთხეს ივანიშვილისთვის, ისევე როგორც პოროშენკოსთვის წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილი. თუმცა, საბოლოო ჯამში, ცხადია, კობახიძეს არანაირი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ამ საკითხში არ ექნება, ესაა პირადად ბიძინა ივანიშვილის და პოროშენკოს გადაწყვეტილება”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინაში ვიზიტით იმყოფება, სადაც ის უკრაინის რადას თავმჯდომარეს ანდრეი პარუბის შეხვდა. ასევე დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა.

banner
წინა სტატიაშიმეტროსადგური „გურამიშვილი“ მგზავრებს 15 მარტამდე ვერ მოემსახურება
შემდეგი სტატიაგორში საბავშვო ბაღის გაქურდვაში ბრალდებული დააკავეს