თინა ბოკუჩავა გიორგი გახარიას- “რისთვის მოხვედით პარლამენტში, რომ თვალი ჩაგვიკრათ თუ ცინიკურად მორალი გვიკითხოთ?”

„მაინტერესებს ბატონო გიორგი, საერთოდ რისთვის მოხვედით პარლამენტში, რომ თვალი ჩაგვიკრათ თუ ცინიკურად მორალი გვიკითხოთ?“ – ამ კითხვით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ შს მინისტრს მიმართა.

პარლამენტში, სადაც პლენარულ სხდომაზე შს მინისტრს უსმენენ, ბოკუჩავამ გახარია დღეს გაკეთებული განცხადებების გამო მწვავედ გააკრიტიკა.

დეპუტატის შეფასებით, გიორგი გახარიამ დღეს ძალიან ბევრ კითხვას პასუხი არ გასცა. ბოკუჩავამ მოსთხოვა გახარიას, რომ პანკისის ხეობაში 21 აპრილს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელი პირი დღესვე დაასახელოს.

„კირკიტაძეზე არ მიპასუხეთ და ალბათ, დუმილი სჯობდა, იმიტომ, რომ ბოლოს რომ პარლამენტში იყავით, თქვენ თქვით, რომ სწორად ჩავაგდეთ კირკიტაძე ციხეშიო და აღიარეთ, რომ ის თქვენი პირადი პოლიტიკური პატიმარია. მაჩალიკაშვილზე არ მიპასუხეთ, მკოიანზე, მოძალადე დეპუტატზე, რომელიც ამ დარბაზში ზის, არ მიპასუხეთ, კერზაიაზე არ მიპასუხეთ და მორალი გვიკითხეთ, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების პირველწყაროს რატომ არ სჯით, არ მიპასუხეთ. მაინტერესებს ბატონო გიორგი, საერთოდ რისთვის მოხვედით პარლამენტში, რომ თვალი ჩაგვიკრათ თუ ცინიკურად მორალი გვიკითხოთ? იქნებ ის მაინც გააკეთოთ დაზუსტებების დროს, რომ მოუწოდოთ უმრავლესობის დეპუტატებს, საპარლამენტო კომისია შეიქმნას მაჩალიკაშვილის საქმეზე და ასევე, ის გვითხრათ, როდესაც ამბობთ, რომ პანკისში არასწორად იყო რისკები შეფასებულიო, ვინ ჩაატარა არასრული და არასწორი ანალიტიკური სამუშაოები – ბახტაძემ, რომელზეც თქვენ გუშინ ისრები გადაგქონდათ, ეკონომიკის მინისტრმა თუ ღარიბაშილმა, ეს მაინც განგვიმარტოთ, ვისი ბრალია და ვისი პასუხისმგებლობაა, რომ ასეთ კონფრონტაციამდე, დაპირისპირებამდე მივედით,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიემზარ კვიციანმა გიორგი გახარიას მიმართა – ჩემს არც ერთ კითხვას პასუხი არ გაეცით, ქრისტე აღდგაზე მაინც გეპასუხათ, რომ ჭეშმარიტად აღდგა
შემდეგი სტატიარუსთავში ციხის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს