გიორგი ბარამიძის სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაპატიმრება განსაკუთრებული ცინიზმია რეჟიმისგან, რომელიც ღალატის ქრონიკას გვაჩვევს ყოველდღიურად – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავა გიორგი ბარამიძეს, მის მეუღლესა და ოჯახს სოლიდარობას უცხადებს.
თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილთან და გიორგი ბარამიძესთან გადაღებულ ფოტოს აზიარებს და წერს, რომ დღეს ორივე ციხეშია, „ორივე უსამართლოდ“.
„გიორგი ბარამიძის სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაპატიმრება განსაკუთრებული ცინიზმია რეჟიმისგან, რომელიც ღალატის ქრონიკას გვაჩვევს ყოველდღიურად, წულუკიანის კომისიით, გეორგიევსკის ტრაქტატით, ომის დაბრალებით, ჯარის ჩამოშლით, მეგობრების მოკვეთით, მტერთან ბოდიშით. რომელი ერთი გავიხსენოთ? ჩემი სრული სოლიდარობა გიას, მის არაჩვეულებრივ მეუღლეს და ოჯახს“,- წერს ბოკუჩავა „ფეისბუქზე“.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება აფხაზეთის ომზე ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.















