11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

თინა ბოკუჩავა: გადაწყვეტილება, რომ პარტია გამხდარიყო „ოპოზიციის ალიანსის“ წევრი, მიღებული იყო მიხეილ სააკაშვილის არა მხოლოდ ჩართულობით, არამედ ინიციატივით

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ პარტიამ როგორც შესვლასთან დაკავშირებით მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, ისე გამოსვლასთან დაკავშირებით მიიღებს, თუ აქამდე მივიდა საქმე.

მისი თქმით, გადაწყვეტილება, რომ პარტია გამხდარიყო „ოპოზიციის ალიანსის“ წევრი, მიღებული იყო მიხეილ სააკაშვილის არა მხოლოდ ჩართულობით, არამედ ინიციატივით.

„ჩვენი ამოცანა იყო ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების, საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის კონსოლიდაცია, გალვანიზაცია; იმ ადამიანების მოტივირება, რომლებსაც შესაძლოა, ძალიანაც არ მოსწონთ ივანიშვილი, ესმით, რომ ივანიშვილის გადარჩევით თუ გადაგდებით, რეჟიმის ჩამოშორებით, არანაირი ომი არ იქნება, ქვეყანა სწორი მიმართულებით წავა. ე.წ. არჩევნებში, მაგალითად, 20%-ზე მეტის მიმხრობა ვერ მოახერხეს, მათ შორის კახა კალაძისთვის, რომელიც მათი ყველაზე პოპულარული ფიგურაა. ჩვენი ამოცანაა საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის მობილიზაცია, კონსოლიდაცია, ანუ შემაგრება და გაერთიანება, ასევე გალვანიზაცია, რაც ნიშნავს, რომ შეიძლება იყო გაერთიანებული, მაგრამ მოქმედებისთვის არ იყო მზად. გალვანიზაცია ნიშნავს, რომ მოქმედებაშიც მოდიხარ, მწყობრში. მოქმედებაში რომ მოხვიდე, აუცილებელია, მათ შორის, გამარჯვების რწმენა, ნდობა, რომ შეგიძლია, გამარჯვება მოიტანო. სწორედ კონსოლიდაციისთვის, გალვანიზაციისთვის და გამარჯვების რწმენისთვის შევედით „ოპოზიციის ალიანსში“. ჩვენ როგორც შესვლასთან დაკავშირებით მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, ისე გამოსვლასთან დაკავშირებით მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას, თუ აქამდე მივიდა საქმე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ ბრიუსელში, რომლის განცხადებასაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ასევე, კითხვაზე, „ოპოზიციის ალიანსის“ განცხადებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერა არ იყო, თინა ბოკუჩავა პასუხობს: „არ იყო და ვერც იქნებოდა. „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასდროს იქნება ისეთი გაერთიანების ნაწილი, რომელიც ანტიმიშას პოზიციებს ითავსებს ან ასხივებს“.

banner
წინა სტატიაშიიშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამას ახალი კომპონენტი ემატება – სამინისტრო
შემდეგი სტატიადიპლომატი, გია ჯაფარიძე აცხადებს, რომ ძლიერი და ფინანსურად გავლენიანი მოწინააღმდეგის პირობებში, ოპოზიციამ მეტი გონივრულობა უნდა გამოიჩინოს