“დიპლომატიურ კორპუსს წარვუდგინეთ გაყალბებების ამსახველი სამხილები. ხაზი გავუსვით, რომ არავინ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას და კიდევ ერთხელ ავუხსენით, რომ ჩვენი გეგმების ფუნდამენტურ ნაწილს შეადგენს საპროტესტო აქციები, რომელიც იქნება ხანგრძლივი და განგრძობადი.” – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ
“ერთ-ერთი მთავარი მიზანი დიპლომატიურ კორპუსთან დღევანდელი შეხვედრის იყო იმ გაყალბების სამხილების წარდგენა მათთვის, რომელიც ჩვენ შევაგროვეთ ამ ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ჩვენს კოალიციურ პარტნიორებთან ერთად. ასევე, კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ერთობა, რომელიც არის ოპოზიციურ ფრონტზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე ქვეყნის გარეთ სწორი პოზიციონირებისთვის, ვინაიდან ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას, რომლებმაც გააკეთეს ევროპული არჩევანი. ჩვენ ასევე კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით იმას, რომ იზოლაციაში ვტოვებთ ტოტალური გაყალბების შედეგად მიტაცებული ხელისუფლების აქტორებს “ქართული ოცნების” სახით და არავინ, არცერთი ოპოზიციური პარტია არ შევა პარლამენტში, რომლის ფორმირების მცდელობაც ექნება ხელისუფლებას ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად და ბოლოს, რა თქმა უნდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს ჩვენ დიპლომატიურ კორპუსს კიდევ ერთხელ ავუხსენით, რომ ჩვენი გეგმების ფუნდამენტურ ნაწილს შეადგენს საპროტესტო აქციები, რომელიც მიგვაჩნია, რომ არის ფუნდამენტური მნიშვნელოვანი ნაწილი ხანგრძლივი, განგრძობადი მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული საპროტესტო აქციები საზოგადოების აქტიურ წევრებთან ერთად, რომლებიც იბრძოდნენ რუსული კანონის წინააღმდეგ, რომლებიც იბრძოდნენ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, რაც მოვიპოვეთ სწორედ ქართველი ხალხის დამსახურებით და რომლებმაც ევროპული არჩევანი გააკეთეს 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე, რომლის მიტაცებასაც ახლა ივანიშვილი ცდილობს.”- განაცხადა თინა ბოკუჩავამ