თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ საქართველოს პირველი არხის გაუქმების საკითხზე ოპოზიცია ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იმსჯელებს

მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვლება, ოპოზიცია ერთობლივად იმსჯელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმების საკითხზე, – ასეთი კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, თინა ბოკუჩავამ პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატ კახა ოქრიაშვილის განცხადებაზე, რომ „ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოს პირველი არხი უნდა გავაუქმოთ“.

როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, როდესაც ხალხი თავისი ჯიბიდან აფინანსებს ტელევიზიას, სურს, იხილოს დამოუკიდებელი ტელევიზია.

„აზრთა სხვადასხვაობა არსებობს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელიც იცით, რომ ადამიანების გადასახადების თანხებიდან ფინანსდება. სამწუხაროდ, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მისი რეიტინგი მუდმივად ეცემა. ჩემი აზრით, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, რომ ამ ტელევიზიას არ გააჩნია სარედაქციო დამოუკიდებლობა“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

კითხვაზე, ეთანხმება თუ არა საქართველოს პირველი არხის გაუქმების მოთხოვნას, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ გაუქმების საკითხზე ოპოზიცია ხელისუფების შეცვლის შემდეგ იმსჯელებს.

„ოპოზიცია ერთობლივად იმსჯელებს ამ საკითხზე, მას შემდეგ რაც შეიცვლება ხელისუფლება. ჩვენი უმთავრესი ამოცანა იქნება, რომ ეს არხი გახდეს დამოუკიდებელი. დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა გულისხმობს, მათ შორის ჟურნალისტების დამოუკიდებლობას და არა მიკერძოებულობას სახელისუფლებო ნარატივისა და სახელისუფლებო პროპაგანდისტული მანქანის ინსტრუმენტად ქცევის, რადაც გადაიქცა ბოლო წლების მანძილზე საზოგადოებრივი მაუწყებელი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშისიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი პრაქტიკულად გადამდები აღარ არის – თამარ გაბუნია
შემდეგი სტატიაპირველ ოქტომბერს, აჭარის გარდა, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, მოსწავლეები საკლასო ოთახებში გააგრძელებენ სწავლას