თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ მაკო გომურის საშვთან დაკავშირებით ინფორმაცია „სირცხვილიას“ ორგანიზატორებისგან მიიღო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ მაკო გომურის საშვთან დაკავშირებით ინფორმაცია აქცია „სირცხვილიას“ ორგანიზატორებისგან ჰქონდა მიღებული.

მისი თქმით, ფრაქციის სხდომის მიმდინარეობისას აქცია „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ორგანიზატორის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ ჰქონდათ საშვები დაშვებული, მათ შორის მაკო გომურის სახელზე, თუმცა პარლამენტში არ უშვებდნენ.

„როდესაც ფრაქციის სხდომა მიმდინარეობდა და ჯალათ გიორგი გახარიას კითხვებს ვუსვამდით, გავრცელდა ინფორმაცია აქცია „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ორგანიზატორის ფეისბუქ-გვერდზე, რომ მათ ჰქონდათ დაშვებული საშვები, მათ შორის მაკო გომურის სახელზე და მათ არ ეძლეოდათ პარლამენტის შენობაში შემოსვლის შესაძლებლობა. ასე რომ, ჩვენ დავეყრდენით აქცია „სირცხვილიას“ ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში და ცუდია, თუ მოხდა ასეთი გაუგებრობა. შემდეგ გავედი კიდეც პარლამენტის შენობის გარეთ და ვნახე აქციის მონაწილეები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ მათ სახელზე იყო გაცემული საშვები. ეს არის ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, ეს არ არის ბიძინა ივანიშვილის პირადი რეზიდენცია“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

დეპუტატის თქმით, პარლამენტი უნდა ემსახურებოდეს მოქალაქეებს და მოქალაქეებს, რომელთა სახელზეც არის საშვი დაშვებული, უნდა ჰქონდეთ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შესაძლებლობა.

ამასთან, დეპუტატის თქმით, არ დაუზუსტებია ინფორმაცია, გომური იმყოფებოდა თუ არა ადგილზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ფრაქციის სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ, 20 ივნისს დაშავებული მაკო გომურისა და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრების დასწრება მოითხოვეს. მათი თქმით, საშვი დაშვებულია, თუმცა პარლამენტში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

ამის შემდეგ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელდა მაკო გომურის სტატუსი, სადაც ის წერდა, რომ თბილისში არ იმყოფება და მხოლოდ ხუთი წუთის წინ გაიგო, რომ მასზე პარლამენტში საშვი ყოფილა დაშვებული. თუმცა, სტატუსი მის გვერდზე უკვე აღარ იძებნება.

ამასთან, პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა დატოვეს ფრაქციის სხდომა, სადაც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატებს ხვდებოდნენ. ისინი პარლამენტის გარეთ მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – „ჩვენ სიმართლის არ გვეშინია, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ხალხს დავანახოთ რა არის ჩვენი დღევანდელი რეალობა“
შემდეგი სტატია35 წლის ქალის საქმეზე, შსს-მ გამოძიება დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო