“თიბისი ბანკმა“ შეიტანა 17 მილიონის ტრანზაქციაზე სარჩელი, რადგან ეს ნათელს მოჰფენს, რა მოხდა და ვინ დაზარალდა

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 1, 2019 13:56

“თიბისი ბანკმა“ შეიტანა 17 მილიონის ტრანზაქციაზე სარჩელი, რადგან ეს ნათელს მოჰფენს, რა მოხდა და ვინ დაზარალდა

სასამართლოში „თიბისი ბანკსა” და „მარტელო გრუპ ლიმიტედს” შორის დავა ნიშნავს, რომ დასამალი არაფერია და ეს პროცესი არის გამჭვირვალე, – ასე უპასუხა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტების კითხვას, ნიშნავს თუ არა ეს დავა, რომ ბანკი არ ეთანხმება სადავო 17 მილიონი დოლარის სესხის ჩამოწერას. მამუკა ხაზარაძის თქმით, „თიბისი ბანკმა“ მაშინაც და ახლაც სამართლიანად იმოქმედა.

„ამ პროცესში დაზარალებული არის მხოლოდ ორი ადამიანი: ბადრი ჯაფარიძე და მამაუკა ხაზარაძე. 2008 წლის ტრანზაქციით ჩვენ დავზარალდით, როგორც აქციონერები, ჩვენ მორალური თვალსაზრისითაც და ფინანსური თვალსაზრისითაც მართლები ვართ, აქციონერების წინაშეც. მაშინ გახსოვთ, რომ 10-10 პროცენტი ჰქონდა მსოფლიო ბანკსა და გერმანიის განვითარების ბანკს. არასდროს ამ ტრანზაქციასა და სხვა ტრანზაქციებზე არ ყოფილა კითხვები. ბანკი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პოზიციას, რომ იქ არაფერი ყოფილა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისი განმარტებით, „თიბისი ბანკმა“ გადაწყვიტა სარჩელის სასამართლოში შეტანა, რადგან ამ საკითხზე ბევრი კითხვა გაჩნდა.

„ბანკმა და არა აქციონერებმა, გადაწყვიტა, შეიტანოს ეს სასამართლოში, რომ ნათელი იყოს ყველაფერი, რადგან ბევრი კითხვა გაჩნდა. სასამართლო პროცესი ნიშნავს, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. იცით, პარარელურად მიმდინარეობს გამოძიება ე.წ. ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ჩვენ იქიდან პასუხი ვერ მივიღეთ. იმედი გვაქვს, სასამართლო წესით ყველაფერი კიდევ ერთხელ ნათელი იქნება საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ხაზარაძემ.

კითხვაზე, „თიბისი ბანკი“ ითხოვს თუ არა სადავო 17 მილიონის დაბრუნებას, ხაზარაძე განმარტავს, რომ „თიბისი ბანკმა“ სარჩელი შეიტანა სასამართლოში, რადგან საქმეს ნათელი მოეფინოს.

„ბანკმა შეიტანა 17 მილიონის ტრანზაქციაზე სარჩელი მხოლოდ იმის გამო, რომ პარალელურად მიმდინარეობს პროკურატურაში გამოძიება ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით და ეს პროცესი ნათელს მოჰფენს არა მარტო იმას, რაც ფარულად მიმდინარეობს ჩვენს წინააღმდეგ, არამედ მთელ იმ საქმეს, რა მოხდა, როგორ მოხდა და კიდევ ერთხელ დარწმუნდება საზოგადოება, სად იდგა ბანკი მაშინ, სად დგას ახლა, სად დგანან აქციონერები და ვინ დაზარალდა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში „თიბისი ბანკსა” და „მარტელო გრუპ ლიმიტედს” შორის დავა მიმდინარეობს. დავის საგანი საკრედიტო ურთიერთობებია. გავრცელებული ინფორმაციით, ამ სარჩელით „თიბისი ბანკი” იმ სადავო 17 მილიონი დოლარის დაბრუნებას ითხოვდა, რომელიც 2008 წელს ბიზნესმენ ავთო წერეთლის კომპანიებზე გაიცა. „მარტელო გრუპ ლიმიტედი” პროკურატურაში „თიბისი ბანკის” საქმეზე დაწყებული გამოძიების საქმეში ფიგურირებს. დღეისთვის, ის მიიჩნევა სადავო 17 მილიონი დოლარის სესხის ვალდებულების შემსრულებლად „თიბისი ბანკში”. პროკურატურის ინფორმაციით, ფულის გათეთრების მუხლით დაწყებული გამოძიების საქმეზე სწორედ „მარტელო გრუპ ლიმიტედზე” გადაფორმდა ვალდებულებები, რომელიც 2008 წელს „თიბისი ბანკიდან” გასესხდა. გამოძიების ცნობით, ეს თანხა ბანკიდან ბიზნესმენ ავთო წერეთლის კომპანიებმა ისესხეს. იმავე დღეს თანხა „თიბისი ბანკის” მაშინდელი ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშზე გადაირიცხა, წლის ბოლოს კი, სესხი წერეთლის კომპანიებს ჩამოაწერეს. გამოძიების მტკიცებით, საბოლოოდ, 2012 წელს ყველა საბანკო ვალდებულება ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიაზე „მარტელო გრუპ ლიმიტედზე” გადაფორმდა.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 1, 2019 13:56

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


4,438
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics