„თიბისი ბანკის“ საქმეზე გიორგი ქადაგიძე კიდევ ერთხელ დაიკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ექვსი მოწმე დაიკითხა.

მოწმეთა ნაწილი „თიბისი ბანკის“ მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები იყვნენ, რომლებსაც შეხება ჰქონდათ 2008 წელს თანხების სამგორი მ“-ზე და „სამგორი თრეიდზე“ გაცემასთან.

ამასთან, დაკითხული ერთი მოწმე „სამგორი თრეიდის“ ყოფილი წარმომადგენელია.

„დღევანდელმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ 2008 წელს, როდესაც სესხი გასცეს „სამგორი მ“-ზე და „სამგორი თრეიდზე“, მათ პირადად არ იცოდნენ, რომ აღნიშნული სესხი განკუთვნილი იყო რეალურად ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის, რაც საქმეში არსებული მასალებით უდავოდ დასტურდება. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, რომ ჰქონოდათ მსგავსი ინფორმაცია, იმოქმედებდა განსხვავებული რეჟიმი. იქიდან გამომდინარე, რომ ეს პირები იყვნენ ინსაიდერები, მაშინ სესხის გაცემის პროცედურა უნდა ყოფილიყო განსხვავებული. აღნიშნული ჩვენება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ბრალდების მხარე ადასტურებს, რომ ავთანდილ წერეთლის მეშვეობით, „თიბისი ბანკისგან“ მოტყუებით დაეუფლნენ აღნიშნული ოდენობის ფულად თანხას“ ,- განაცხადა პროკურორმა გიორგი მიქავამ.

ამასთან, პროკურორის განცხადებით, დაკითხვები გაგრძელდება და ასევე დაიკითხება საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე.

პროკურორის განცხადების საპირისპიროს აცხადებს ბრალდებული ბადრი ჯაფარიძე. მისი თქმით, დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ მსგავს რამეს, რასაც მათ პროკურატურა ედავებათ, ადგილი არ ჰქონია.

„მოწმეთა ჩვენებები ადასტურებს, რომ მსგავს რამეს, რასაც პროკურატურა გვედავება, ადგილი არ ჰქონია. რაც მთავარია, დღეს რამდენიმე მოწმემ პირდაპირ თქვა, რომ ის სესხები, რომლებიც პრობლემური გახდა რუსეთის არმიის შემოჭრის გამო, პრაქტიკულად, იმათი საფასური ჩვენი ჯიბიდან გადავიხადეთ მე და მამუკამ.

მიუხედავად იმისა, რომ, სამწუხაროდ, ეს აბსურდი გრძელდება, დღევანდელი მოწმეებისა და წინა მოწმეების ჩვენება ერთმანეთისგან არ განსხვავდება და ადასტურებს, რომ ბრალდება მოგონილი, სრულიად უსაფუძვლო და დავალებით წარმოდგენილია”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, ადვოკატის თქმით, მოწმეთა ჩვენებებიდან დასტურდება, რომ არავითარი თაღლითობა და ფულის გათეთრება არ ყოფილა.

„დადასტურდა მარტივი რამ, რომ არავის არავინ მოუტყუებია, კოლეგიურად შეისწავლეს აღნიშნული საკითხი, მიიღეს გადაწყვეტილებები და არავითარ თაღლითობას, ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია. რაც დრო გადის და სხდომები ემატება, მართლდება ის, რასაც ვიძახით – არ არსებობს ამ საქმეში მტკიცებულება, რომელიც ფულის გათეთრებას დაადასტურებს“ ,- განაცხადა ზვიად კორძაძემ.

მომდევნო სხდომა 3 თებერვალს 11 საათისთვის ჩაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიქურდობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაირაკლი შონია გარდაბნის თბოელექტრო სადგური, ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგოუსაფრთხოების განსამტკიცებლად