“თიბისი ბანკის” საქმე იმსახურებს, რომ პარლამენტმა არ აირჩიოს მხარის პოზიცია და გახდეს ამ პროცესში მიუკერძოებელი არბიტრი და მედიატორი

“თიბისი ბანკის” საქმე იმსახურებს იმას მაინც, რომ პარლამენტმა არ აირჩიოს მხარის პოზიცია და გახდეს ამ პროცესში მიუკერძოებელი არბიტრი და მედიატორი, – ამის შესახებ ეკა ბესელიამ “თიბისი ბანკის” გარშემო განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

ეკა ბესელიას თქმით, დღეს ხელისუფლებას ბიზნესის ხმა არ ესმის. მისივე განცხადებით, როცა ხელისუფლება დუმს მსგავს საკითხებზე, ეს კარგი შედეგის მომტანი ვერ იქნება.

“ის ხმა, რაც ახლა ისმის ცალკეული ბიზნესორგანიზაციების მხრიდან, მე არ მგონია, რომ უნდა დავტოვოთ ყურადღების მიღმა. არ შეიძლება გააუბრალოო საკითხი და საზოგადოებას დაანახო, რომ შენთვის სულ ერთია, ვინ და რაზე წუხს. არის ეს სამდურავები, არამარტო “თიბისის” საქმეზე, არამედ სხვა ეპიზოდებიც გამოჩნდა. ეს არის სიგნალები, რომლებიც საჭიროებს დაფიქრებას და ხელისუფლება, რომელიც ასეთ თემებზე დუმს, არ დაადგება კარგ გზას. პარალელების გავლება არ მინდა, არ მინდა შევადარო ავბედით წარსულს, როდესაც ბიზნესი იყო სრული რეკეტის ქვეშ, მაგრამ ასე იწყებოდა, როცა ცალკეულ შემთხვევებზე არ ხდებოდა მაკონტროლებელი ორგანოების რეაგაირება. პარლამენტი ნუ გახდება მხარე, არამედ პარლამენტი გახდეს ნეიტრალური მაკონტროლებელი ორგანო, დადგეს ყველაფერზე მაღლა. გამოავლინოს, თუ სიცრუეა. დაიდება, რომ ეს არის შექმნილი ზღაპარი და თუ აქ რაიმე რეალობასთან გვაქვს საქმე, შესაბამისი დასკვნა დაიდოს და რეაგირება მოხდეს. მე არც ერთი მხარის პოზიციას, როგორც უტყუარი, არ ვღებულობ, მაგრამ მიმაჩნია, რომ პარლამენტი უნდა იყოს არა, როგორც მხარე, არამედ, როგორც მაკონტროლებელი ორგანო“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშისაინკასაციო მანქანის დაყაჩაღებისთვის დაკავებული პოლიციელისა და მის თანამზრახველისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაგამოძიების შედეგები დროულად უნდა იყოს, რადგან სპეკულაციები აზიანებს ბანკს, სტრატეგიულ პროექტსა და პროცესების აღქმას ქვეყანაში