თიანეთის საოლქო კომისიამ ლელა ქიტესაშვილს 5 ხმა დაუმატა

N19 თიანეთის საოლქო – საარჩევნო კომისიამ 22 ოქტომბერს მიღებული განკარგულებით, „ქართული ოცნებიდან“ მერობის კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს 5 ხმა დაუმატა. შესაბამისად, ლელა ქიტესაშვილმა თამაზ მეჭიაურს 4 ხმით გაუსწრო და ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 50.03%–ით პირველივე ტურში გაიმარჯვა.

როგორც „რეგინფოს“ საოლქო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ცალუღელაშვილმა განუცხადა, კომისიას N20 ჟებოტას საარჩევნო უბანზე ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლის და მისი ბათილობის შემოწმების მოთხოვნით „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ნინო გოჯიაშვილმა მიმართა.

„გადათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ მერობის კანდიდატთა ბათილი ბიულეტენების დასტაში 24 ბიულეტენიდან 5 იყო სადავო, რადგან ხუთივეზე ფიქსირდებოდა ამომრჩევლის ნება. კომისიამ იმსჯელა თითოეულის ბათილობის თაობაზე და ხმათა უმრავლესობით აღნიშნული ბიულეტენები მიიჩნია ნამდვილად და მიიღო გადაწყვეტილება N20 საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმში მონაცემთა ცვლილების შეტანის თაობაზე“, – განაცხადა ცალუღელაშვილმა.

ამ ცვლილების შემდეგ ლელა ქიტესაშვილს 3081 ხმა აქვს, თამაზ მეჭიაურს კი 3077.

საოლქო კომისიის გადაწყვეტილება შესაძლოა 2 დღის ვადაში მცხეთის რაიონულ სასამართლოში გასაჩივრდეს.

თამაზ მეჭიაურის განცხადებით, თიანეთში ლელა ქიტესაშვილი რომ გამოცხადდეს გამარჯვებულად, ამისთვის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი ყველაფერს აკეთებს.

 

წყარო: http://reginfo.ge/politics/item/3291-tianetis-saolqo-komisiam-lela-qitesashvils-5-xma-daumata

banner
წინა სტატიაშიწინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ თბილისის საკრებულოში 40 დეპუტატს შეიყვანს
შემდეგი სტატიაზუგდიდში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლაშა გოგია ლიდერობს