2021 წლის 3 დეკემბერს თიანეთის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულმა საკრებულომ პირველი სხდომა გამართა. სხდომა №19 თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ცალუღელაშვილმა გახსნა, რომელმაც წარმოადგინა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები.
ამის შემდეგ საკრებულოს სხდომას უხუცესი დეპუტატი ქალბატონი ნატო სუარიშვილი წარუძღვა და დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო.
საკრებულოს წევრებმა ჯერ დროებითი სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიის წევრები აირჩიეს. მოგვიანებით კი, დეპუტატებმა ახლად არჩეული საკრებულოს წევრების უფლებამოსილების საკითხს ერთხმად დაუჭირეს მხარი.
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ, დეპუტატებმა, ხმათა უმრავლესობით, ფარული კენჭისყრის შედეგად, ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი სოსო მამულაშვილი აირჩიეს.
თავმჯდომარის პირველ მოადგილედ კი, ზარიძეების ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი ლაშა სულხანიშვილი. ხოლო, მეორე მოადგილედ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის მესამე ნომერი რუსუდან გონჯილაშვილი.
დეპუტატებმა ასევე აირჩიეს მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოქმედი კომისიების თავმჯდომარეები.