გლდანის ციხეში არსებულ მძიმე პირობებზე პატიმრები ერთი მეორის მიყოლებით საუბრობენ – პრობლემებად სახელდება უვარგისი საკვები, არასწორი სამედიცინო მომსახურება და სავალალო ჰიგიენურ-სანიტარული მდგომარეობა.
ადვოკატი დიმიტრი ვარდიაშვილი ამბობს, რომ პატიმრებისთვის განკუთვნილ საკვებს ხშირად მატლი ახვევია და საჭიროების შემთხვევაში, ვერც ექიმი მიდის მათთან დროულად. უფლებადამცველის თქმით, აღნიშნულზე საუბარს პატიმრები ხშირად შიშის გამო ერიდებიან.
“სამ ძრითად პრობლემას გამოვყოფდი მე პირადად, იმიტომ, რომ, ზოგადად, ძალიან ბევრ პატიმართან მაქვს შეხება და უმრავლეს შემთხვევაში, პატიმრები ერიდებიან ხოლმე მსგავსი ინფორმაციის გამოტანას. პირველი – ჯანდაცვა, მეორე კვება და მესამე – ჰიგიენურ-სანიტარული პირობები. როდესაც არჩილ მუსელიანცმა გამომიტანა შემწვარი თევზი, ასე ვთქვათ, ის ულუფა, რასაც მიირთმევენ და ასევე სხვა საჭმელი, რომელიც პარკში ჰქონდა ჩადებული და დამერწმუნეთ, ეს იყო ამაზრზენი, იმიტომ, რომ იყო ჭუჭყიანი, იყო თევზზე მატლები შემწვარი. ჯანდაცვა არის ძალიან პრობლემური, რადგან გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში, რიგ შემთხვევაში, პატიმრები როდესაც მიმართავენ დასახმარებლად ექიმს, საუკეთესო შემთხვევაში ექიმი მიდის ერთი კვირის დაგვიანებით. უმრავლეს შემთხვევაში პატიმრები ამას არ ამბობენ შიშით, იმიტომ, რომ ეს არის ჩაკეტილი დაწესებულება”, – ამბობს ადვოკატი დიმიტრი ვარდიაშვილი.
ციხეში არსებულ გაუსაძლის მდგომარეობაზე საუბრობს კიდევ ერთი ინტერესების დამცველი. ბორის ჩელე ყურუა ამბობს, რომ საკნებში ტარაკნებია, რომელიც ხშირად საჭმელშიც კი ხვდება.
“ეს არის ბინძური საკვები, ეს არის მოუხარშავი, შეუმწვარი საკვები, რომელზეც მერე მუშაობა კიდევ და კიდევ უწევთ პატიმრებს და საბოლოოდ, ბევრისგან მომისმენია, რომ ფიზიკურად შეუძლებელია ამის ჭამა. ისინი პატიმრობის დროს, სასჯელის მოხდის დროს იღებენ ჯანმრთელობაზე იმხელა ზიანს, რომ საბოლოო ჯამში, ამის გამოსწორება მერე შეუძლებელი ხდება. ამ ხალხის ხმა ფიზიკურად არ ისმის და ეს არ არის მხოლოდ პოლიტპატიმრების პრობლემა, ეს არის ყველა პატიმრის პრობლემა. კი, ადამიანები გადაჰყავთ კლინიკებში, მაგრამ როცა ხედავენ და როცა ფიქრობენ, რომ ამ ადამიანს ახლა პატრონი არავინ ჰყავს, შესაბამისად, ექცევიან ისე, როგორც ექცევიან. ჰიგიენურ ნორმებს რაც შეეხება, აქაც სავალალო სიტუაციაა. დათო ღურწკაია მეუბნებოდა, ერთადერთი ბორშჩი იჭმევა და უხორცოა, მაგრამ იმდენი ტარაკანაა კამერაში ხანდახან ხორციანიც ხდებაო… საბოლოოდ, არადაამიანურ პირობებში ამყოფებენ ხალხს”, – ამბობს ადვოკატი ბორის ჩელე ყურუა.
















