ექსპერტი ლელა ჯეჯელავა თელავში განვითარებულ სტიქიას „ტოტალური უპასუხისმგებლობის“ შედეგს უწოდებს. მისი თქმით, ტრაგედია მოსალოდნელი იყო, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა და გარემოსდაცვითი ორგანიზაციები კალაპოტის მიმდებარე უკონტროლო მშენებლობების საფრთხეებზე მუდმივად საუბრობდნენ. – ამის შესახებ ექსპერტმა ლელა ჯეჯელავამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა, “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
„როცა ყველა უწყება ქალაქებსა თუ რეგიონებში ფულის კეთებაზეა გადასული, თუნდაც ამისი ფასი მოსახლეობის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს, ბუნებრივია, რომ შედეგები ასეთი იქნება. ყველაზე უფრო შემაშფოთებელია პასუხისმგებლობის არქონა აბსოლუტურად არაფერზე“, — განაცხადა ჯეჯელავამ.
ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობა ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების გულგრილობის ბრალია.
„თევზი თავიდან ყარს! თუ წყლის სათავიდან სუფთა წყალი არ მოდის, არც ერთ შემთხვევაში სადინარებში სუფთა წყალი არ იქნება. ამიტომ სტიქიაც გვერევა, უსამართლობაც გვერევა და უკანონობაც გვერევა“, — აღნიშნა მან.















