თევზაძე: ეს ღია პლატფორმა ხელს შეუწყობს ჩვენი პარტიის პროგრამული ხედვის შევსებას

პარტია „საქართველოსთვის“ თავისი პროგრამის მიმართულებით თემატურ შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად შეხვედრა განათლების, კულტურის და სპორტის სფეროს ექსპერტებთან გაიმართა.

„დღეს შევხვდით მიზნობრივ ჯგუფს, კერძოდ განათლების, კულტურის და სპორტის მიმართულებიდან, რაც ძალიან საინტერესო იყო. ეს ღია პლატფორმა ხელს შეუწყობს ჩვენი პარტიის პროგრამული ხედვის შევსებას, იმ საკითხების გაზიარებას, რეკომენდაციების, რომელიც საზოგადოების დაკვეთაა.

განათლების, კულტურის და სპორტის მიმართულებით კარგი პრაქტიკების შენარჩუნებას ყველანაირად ხელი შეეწყობა, მათ დანერგვას და განვითარებას. ყველაზე არსებითი რაც არის, განათლებაში სტრუქტურული რეფორმა, რომელიც შეგვიმცირებს ბიუროკრატიულ კომპონენტს, ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს მასწავლებელსა და მოსწავლეს თვითგანვითარების ფოკუსის გაძლიერებას და ეს ყველაფერი კი სასკოლო კულტურას ჩამოაყალიბებს, ყველაფერი ერთმანეთთან მიზან-შედეგობრივ კავშირშია. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კონკრეტიკა, რაზეც დღეს ვიმსჯელეთ, არის პროფილური სკოლების აღდგენის საკითხი, რადგან ძალიან ბევრი ნიჭიერი ბავშვია და ისინი ასე ვთქვათ, იჩაგრებიან ამგვარი სკოლების არ არსებობის გამო. ასევე ვისაუბრეთ კულტურის მიმართ სახელმწიფოებრივი ხედვის გაძლიერების აუცილებლობაზე. ამასთან, სტუდენტების დაფინანსების წესის შეცვლის საკითხი განვიხილეთ, რომელიც 2005 წლიდან არ შეცვლილა და არაა დაანგარიშებული მისი ჭეშმარიტი რეალური თვითღირებულება, ამიტომ ვთვლით, რომ უნდა მოხდეს ამ დაფინანსების დივერსიფიცირება სპეციფიკების მიხედვით.” – განაცხადა რუსუდან თევზაძემ.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა მინსკს ეკონომიკური სანქციები დაუწესა
შემდეგი სტატიაგარდაბანში, ტბაში გაუჩინარებულ 2 მოზარდს ეძებენ