ამერიკის შეერთებული შტატები არ განიხილავს შესაძლებლობას, რომ უკრაინა NATO-ში რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ შევიდეს. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
„ეს ასე არ არის. მსგავსი არაფერია. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ წევრობისკენ გზის პოვნაში დახმარების მცდელობებზე – საჯაროდ განვაცხადეთ, რომ NATO უკრაინის მომავალი გახდება და ვილნიუსში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტზე ამ იდეას მხარი დავუჭირეთ. ჩვენ მხარდაჭერა გამოვუცხადეთ იდეას, რომლის მიხედვითაც ამ შესაძლო წევრობის გზის შემუშავება მოხერხდება“, – აცხადებს კირბი.
ამით, თეთრ სახლში გამოეხმაურნენ გამოცემა Verdens Gang-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, NATO-ს გენერალური მდივნის კაბინეტის უფროსმა სტიან იენსენმა განაცხადა, რომ უკრაინას აქვს ვარიანტი – უარი თქვას რუსეთის მიერ ოკუპირებულ გარკვეულ ტერიტორიებზე და სანაცვლოდ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა მიიღოს.