თეთრი სახლი მოუწოდებს მოსკოვს, დათანხმდეს აშშ-ის არსებით შეთავაზებას, რომ რუსეთის ციხეში მყოფი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი გათავისუფლდეს

თეთრი სახლი მოუწოდებს მოსკოვს, დათანხმდეს აშშ-ის არსებით შეთავაზებას, რომ რუსეთის ციხეში მყოფი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი გათავისუფლდეს. ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა გააკეთა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მისივე თქმით, აშშ-ის შეთავაზება ასევე ეხება აშშ-ის მოქალაქე პოლ უილანსაც.

„როგორც იცით, ჩვენ გავაკეთეთ არსებითი შეთავაზება, რომ ბრიტნი გრაინერი და პოლ უილანი სამშობლოში დავაბრუნოთ. მოვუწოდებთ რუსეთს, დათანხმდეს ამ შეთავაზებას. ვიცით, რომ ყველა გამოთქვამს ვარაუდებს, რა შეთავაზებაა ეს, მაგრამ ეს სერიოზული წინადადებაა. მოვუწოდებ რუსეთს, დათანხმდეს ამ წინადადებას. მათ ეს ერთი კვირის წინ უნდა გაეკეთებინათ, როდესაც ჩვენ პირველად გავაცანით ეს წინადადება“, – განაცხადეს თეთრ სახლში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის სასამართლომ ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა ამერიკელ კალათბურთელ ბრიტნი გრაინერს. რუსეთში მას ბრალად დასდეს საზღვარზე ნარკოტიკების უკანონო გადატანა.

ამერიკელი სპორტსმენი მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში თებერვალში დააკავეს, როდესაც მის ბარგში კანაფის ზეთი აღმოაჩინეს. რუსეთში კანაფი აკრძალულია როგორც სამედიცინო, ისე რეკრეაციული მიზნებით.

რაც შეეხება პოლ უილანს, ყოფილი საზღვაო ქვეითი რუსეთში 2018 წლის დეკემბერში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. 2020 წლის ივნისში მას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ამერიკული მედიის ცნობით, აშშ რუსეთს სთავაზობს, გრაინერი და უილანი აშშ-ში ციხეში მყოფ იარაღით ვაჭრობაში ბრალდებულ ვიქტორ ბუტში გაცვალონ. რუსეთი კი დამატებით მოითხოვს ბერლინში საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლებას, რაზეც აშშ-მა უარი განაცხადა.

წინა სტატიაშიიტალიის პოლიციამ პუტინთან დაახლოებულ არქიტექტორს 141 მილიონი ევროს ქონება ჩამოართვა
შემდეგი სტატიაყირიმში მცხოვრებმა ქალმა რუსი ოკუპანტების მხარდაჭერის გამო ქმარს ტაფით სცემა