თეთრი სახლი ერდორანის “პირადი მტრის” შესაძლო ექსტრადაციის საკითხს განიხილავს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-დან ფეხტულახ გიულენის შესაძლო ექსტრადაციის საკითხს განიხილავს – ამის შესახებ NBC-ის სამმა წყარომ ერთდროულად დაუდასტურა. მათი თქმით, გიულენი ერთგვარი განტევების ვაცია, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდორანს გადასცემენ იმისათვის, რომ მან საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში საუდის არაბეთის დადანაშაულება შეწყვიტოს.

ტრამპის ადმინისტრაცია გიულენის შესაძლო გადაცემის კანონიერებას სწავლობს. ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ თეთრი სახლი იუსტიციის სამინისტროს ხელახლა სთხოვს გიულენის ექსტრადაციის საკითხი გახსნას, გარდა ამისა, ისინი აშშ-ში გიულენის ლეგალური სტატუსის შესწავლას დაიწყებენ.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა ხიზარ ნოიერტმა დაადასტურა, რომ აშშ-ს მთავრობა გიულენის შესახებ ანკარას მიერ მიწოდებულ მასალებს სწავლობს.

Reuters-თან თურქმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ანკარას მოთხოვნა გიულენის ექსტრადაციის შესახებ და ხაშოგის მკვლელობა “არანაირად არ არის ერთმანეთთან დაკავშირებული”.

ფეხტულახ გიულენი საზოგადოებრივი მოძრაობა “ხიზმეტის” ხელმძღვანელია, სადაც, სხვადასხვა შეფასებით, 1-დან 8 მილიონამდე ადამიანია გაერთიანებული. 2016 წელს თურქეთის მთავრობამ განაცხადა, რომ “ხიზმეტი” იდგა სამხედრო გადატრიალების სათავეში, რომელიც ვერ განხორციელდა. უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე თურქეთმა სამჯერ გასცა გიულენის დაკავების ორდერი.

ერდორანი ერ-რიადს მკაცრად აკრიტიკებს საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის სტამბულში, საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში მკვლელობის გამო. ხაშოგი მემკვიდრე პრინც მუჰამედთან კონფლიქტში იყო. ერდოღანი დარწმუნებულია, რომ ხაშოგის მკვლელობა საუდის მთავრობის მაღალჩინოსნების წრეებში დაიგეგმა და განხორციელდა – “ამერიკის ხმა” წერს.

banner
წინა სტატიაშიკალიფორნიაში ხანძრის დროს დაკარგულების რიცხვმა 600-სს გადააჭარბა
შემდეგი სტატიასენატორებმა საუდის არაბეთისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის შესახებ კანონპროექტი შეიმუშავეს