გოგნის ქარის სადგურის მშენებლობაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცა. პროექტს შპს „გოგნის ქარის კომპანია“ ახორციელებს. ის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას თერჯოლის, ზესტაფონისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გეგმავს.
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიხედვით, კომპანია ვალდებულია:
მშენებლობა უზრუნველყოს დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საფუძველზე;
ყოველწლიურად უზრუნველყოს ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ანგარიშის სააგენტოში წარდგენა;
მშენებლობის დაწყებამდე უზრუნველყოს ნარჩენების მართვის გეგმის სააგენტოსთან შესათანხმებლად წარმოდგენა;
საქმიანობის განხორციელება უზრუნველყოს არქეოლოგიური და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად და ა.შ.
პროექტის მიხედვით, ადგილზე დაგეგმილია 224 მგვტ სიმძლავრის (ჯამში 28 ერთეული ქარის ტურბინა-გენერატორის, თითოეული 8 მგვტ) ელექტროსადგურის, 220 კვ ძაბვის საჰაერო და 35 კვ ძაბვის მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზების, ასევე, 220 კვ ძაბვის ქვესადგურის მშენებლობა.
დოკუმენტების მიხედვით, „გოგნის ქარის ელექტროსადგურის“ და 220 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ტერიტორიები მნიშვნელოვნად არის დაშორებული დაცული ტერიტორიებიდან.
ამასთანავე, ტერიტორია არ ხვდება კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების ინდივიდუალურ დამცავ ზონებში, თუმცა, მიმდინარედ არქეოლოგიური ობიექტების არსებობა დაფიქსირდა.
„გაცემულია რეკომენდაციები, რომელიც ითვალისწინებს მთლიან საპროექტო ტერიტორიაზე მიწის სამუშაოების წარმართვას არქეოლოგიის მეთვალყურეობით“, – ვკითხულობთ სააგენტოს ბრძანებაში.
რამდენი მიწის ნაკვეთი ექცევა ზემოქმედების არეალში?
პროექტის გათვალისწინებით, ელექტროგადამცემი ხაზის დერეფნის ძირითადი ნაწილი სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მდებარეობს. საპროექტო 220 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის გასხვისების დერეფანში ხვდება 681 მიწის ნაკვეთი, საიდანაც 207 არის სახელმწიფო მფლობელობაში, ხოლო 474 – კერძო მიწის ნაკვეთებია.
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიხედვით, კომპანია ვალდებულია, ზემოქმედების ზონაში მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მშენებლობის დაწყებამდე უზრუნველყოს მესაკუთრეებთან საქმიანობის შეთანხმება.
„გზშ-ს ანგარიშის თანახმად, ყველა ნაკვეთი იდენტიფიცირებულია. კერძო მიწის ნაკვეთების მფლობელების დაახლოებით 60%-ზე გაფორმებულია შეთანხმება, ხოლო დანარჩენ 40%-ზე მიმდინარეობს დოკუმენტაციის მოწესრიგება“, – ვკითხულობთ ბრძანებაში.
შპს „გოგნის ქარის კომპანია“ ადგილობრივ ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს. ბოლო მდგომარეობით, კომპანიის წილების 10%-ს შპს „ეგ“, ხოლო დარჩენილ 90%-ს შპს „ეიჯი ვინდ ფაუერ“ ფლობენ.
ბიზნეს რეესტრის ბოლო მონაცემებით, „ეგ“ 1997 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანიის წილების 100%-ს ემზარ გამეზარდაშვილი ფლობს. რაც შეეხება „ეიჯი ვინდ ფაუერს“, ის სამეწარმეო რეესტრში 2023 წელს დარეგისტრირდა, კომპანიის წილებს სრულად ფლობს არჩილ გაჩეჩილაძე.














