თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულების შესახებ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და უწყებას საქმის „ჩაფარცხვისა“ და მოწმეებზე დევნის მცდელობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებს მხოლოდ იმ პირთა ვინაობა აინტერესებდათ, რომლებზეც ოჯახი, როგორც „ოქროს მოწმეებზე“, საუბრობდა.
„ახალი გარემოებები ვიცოდით თუ არა, რომ ისინიც კარგად ჩაეფარცხათ, როგორც ყველა დანარჩენი ჩაფარცხეს. ამხელა სისტემას როგორ დავუპირისპირდე შიშველი ხელებით. რამდენი ადამიანი ჩავაგდო პრობლემებში… ამოვიდა ყელში ამდენი უსამართლობა“, — აცხადებს თეონა თამაზაშვილი.
გარდაცვლილის დედა აცხადებს, რომ პროკურატურის წინ პერმანენტულ საპროტესტო აქციებს იწყებს და შვილის კუთვნილი კომპიუტერის დაბრუნებას ითხოვს:
„იმ პროკურატურის წინ მოვკვდები, იქ გავათევ, ყოველ ორშაბათს იქ ვიქნები და იქ მოვკვდები, სანამ არ მივაღწევ საწადელს, სანამ არ მივაღწევ სამართალს, სხვანაირად აღარ გამოდის უკვე. ყველანაირად გამომიყვანეს წონასწორობიდან, არ მიბრუნებენ კომპიუტერს“, — აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება დაასრულა და განაცხადა, რომ გარდაცვალების მიზეზი სუიციდია, დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება და საქმის ხელახალი გამოძიების საფუძველი არ არსებობს.

















