თეონა ჭალიძე თეა წულუკიანს – ძალადობის ფაქტების უგულებელყოფით თქვენ ძალადობას ახალისებთ

ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, თეონა ჭალიძე თეა წულუკიანს მიმართავს. თეონა ჭალიძის განცხადებით, თეა წულუკიანი ძალადობის ფაქტების უგულებელყოფით ახალისებს ძალადობას.

„ახალქალაქში არჩევნების მეორე ტურსაც მოძალადე ჰასმიკ მარანგოზიანი ჩაატარებს. ის ისევ ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა. ზუსტად 2 თვეა, რაც ჰასმიკ მარანგოზიანის და ამავე კომისიის წევრის ანა ოგანესიანის მხრიდან ჩემს მიმართ განხორციელებული პირველი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და გამოძიება დაიწყო. პირველი ძალადობის ფაქტი 2018 წლის 27 სექტემბერს მოხდა. მეორედ კი ჰასმიკ მარანგოზიანმა უკვე არჩევნების დღეს 28 ოქტომბერს იძალადა, ამაზეც დაწყებულია გამოძიება, მაგრამ არც ერთი არ დასრულებულა.

მივმართავ უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს თეა წულუკიანს, თქვენ და თქვენმა კომისიამ კიდევ ერთხელ დაადასტურეთ უმოქმედობა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ იმსჯელეთ ამ ძალადობის ფაქტებზე, რეალურად არანაირი რეაგირება არ მომხდარა არც შსს-ს და არც ცესკო-ს მიერ.

ქალბატონო თეა, ასეთი ფაქტების უგულებელყოფით თქვენ ძალადობას ახალისებთ“, – განაცხადა თეონა ჭალიძემ, რომლის განცხადებაც გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მაღალმთიანი დასახლებების ნუსხა და მთის კანონით დაწესებული შეღავათებით მოსარგებლეთა რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს
შემდეგი სტატიასაქალაქო სასამართლომ ზაჰესის დასახლებაში ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა