საქართველო ოფიციალური ბრიუსელის რეკომენდაციებს აღარ ასრულებს, რის გამოც შესაძლოა, ქვეყანას უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა, თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას ვალდებულებების შესრულება უნდა მოვთხოვოთ.
“უვიზო მიმოსვლა იყო და არის მნიშვნელოვანი თავისუფლება საქართველოს მოქალაქეებისთვის. მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ უარს ამბობს ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ დამოკიდებული ვართ ბრიუსელის გადაწყვეტილებაზე, მის გულმოწყალებაზეა და არა იმაზე, რომ ეს იქნებოდა პირობებზე დაფუძნებული. ოფიციალური ბრიუსელის რეკომენდაციებს საქართველო აღარ ასრულებს. უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება არის საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი კარი ევროპაში. ამ კარის დახურვა არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა რუსეთისთვის, რომ საქართველოს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოხდეს, რასაც „ქართული ოცნება“ ხელს უწყობს. საქართველოს მოქალაქეებმა პასუხი უნდა მოვთხოვოთ საქართველოს მმართველ ძალას, რომელიც თავს ხელისუფლებას ეძახის. თუ ჩვენი არჩევანი არის ის თავისუფლება, რომელიც ევროპულ გზაზე გადის, მაშინ ჩვენს ხელისუფლებას ვალდებულებების შესრულება უნდა მოვთხოვოთ და არ გავიშვიროთ თითი ბრიუსელისკენ, რომელმაც ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაძლოა უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი აამოქმედოს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ასე არ მოხდეს, მაგრამ ვერსად წაუვალთ იმ ვალდებულებებს, რაც დამსახურებაზე დაფუძნებულია და არ არის „ღვთიური მანანა“, საჩუქარი, რომელიც საქართველოს სამუდამოდ ექნება…
მოსმენა, რომელიც ბრიუსელში ივნისში შედგება, საბოლოო ვერდიქტი არ იქნება, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან კომუნიკაცია იქნება ვალდებულებების შესრულება-შეუსრულებლობასთან დაკავშირებით. ამ მოსმენის შედეგად დეკემბერში იქნება უკვე ანგარიში. 2027 წლის იანვრიდან მოხდება გადაწყვეტილების მიღება, რასაც უმრავლესობა არ სჭირდება. ის, რომ ბიძინა ივანიშვილი დასავლეთთან თავისი პირობებით ვაჭრობს, არ არის ახალი, თუმცა ამ ვაჭრობას წინსვლა რომ არ აქვს, ამასაც ვხედავთ. „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხს აქცევს იარაღად საკუთარი ვაჭრობის და ინტერესების ხელში. ეს არის ქართველი ხალხის მიმართ ყველაზე დიდი, უპატიებელი საქციელი“, – განაცხადა აქუბარდიამ.















