თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძეს: თქვენ არ განგისაზღვრავთ, რა არის ეროვნული ინტერესები, რა საფრთხეები და გამოწვევები აქვს ქვეყანას

„თქვენ რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლების მომსწრე ამ პარლამენტში ყოფილიყავით ან წაგეკითხათ 2011 წლის დოკუმენტი, აღარ გექნებოდათ ის პოზიცია, რომ ეროვნული ინტერესი არ არის დეოკუპაცია“, – მიმართა „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ ირაკლი კობახიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი მიმდინარეობს.
თეონა აქუბარდიას თქმით, „ქართული ოცნება“ უკვე სამგზისაა ხელისუფლებაში, მაგრამ 2018 წლის შემდეგ არ განუახლებია ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არცერთი ფუძემდებლური სტრატეგიული დოკუმენტი.

„ თქვენ არ განგისაზღვრავთ, რა არის ეროვნული ინტერესები, რა საფრთხეები და გამოწვევები აქვს ქვეყანას, როგორ უნდა შევამციროთ ეს გამოწვევები და როგორ უნდა უზრუნველვყოთ საზოგადოებისა და ხელისუფლების ეროვნული ერთობა ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად. გასაკვირი არ არის, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რომელიც პრეზიდენტთან გააუქმეთ და მთავრობამ მოგვიანებით შექმნა, არ ფუნქციონირებს. არ ფუნქციონირებს არა იმიტომ, რომ შეკრება ეზარებათ, არამედ იმიტომ, რომ ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ეროვნული ინტერესი აღარ არის, რასაც მოწმობს ძალიან ბევრი რამ“, – აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

მისი თქმით, ის ნდობას არ გამოუცხადებს მთავრობის შემადგენლობას.

„ თქვენ ხართ კაცი, რომელიც ერთი ხელით მოგვიწოდებს დეპოლარიზაციისკენ, მეორე ხელით კი – აფინანსებს პოლარიზაციას. არანაირი მოლოდინი არ მაქვს იმისი, რომ თქვენ განახორციელებთ 9 რეკომენდაციას, წაიყვანთ ქვეყანას ევროკავშირისკენ და ქვეყნის მთავარ ეროვნულ ინტერესს- დეოკუპაციას, მინიმუმ, ხედვის სახით შესთავაზებთ საზოგადოებას. ამიტპმ, ჩემი ნდობა ვერც თქვენ და ვერც მთავრობას ვერ ექნება“, – განაცხადა თეონა აქუბარდიას.

banner
წინა სტატიაშიბექა ლილუაშვილი ირაკლი კობახიძეს – „თქვენ არც ერთ სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობაზე არჩევას არ იმსახურებთ“
შემდეგი სტატიაალექსანდრე ელისაშვილი – ჩვენი პარტია მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს