ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამის შეჩერებას „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტვ პირველი“ ავრცელებს.
აქუბარდიას თქმით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება ნათლად აჩვენებს, თუ როგორ ებრძვის მმართველი პარტია ეროვნულ იდენტობას ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ.
„ქართველოლოგიის პროგრამის დახურვა არის აბსოლუტურად პოლიტიკური გადაწყვეტილება «ქართული ოცნების». ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ არაფერი საერთო მათ ქართველობასთან და ქართული იდენტობის დაცვასთან არ გააჩნიათ. საუბარი იყო მიზერულ თანხაზე — ორ მილიონზე იმისთვის, რომ პროგრამა გაგრძელებულიყო. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ «ოცნება» ებრძვის ეროვნულ იდენტობას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. ყველაზე მძიმე ამ კუთხით არის ის ზიანი, რომელიც ქვეყანას ადგება ასეთი მძიმე გადაწყვეტილების გამო, რათა ერთი კაცის — ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლება იყოს დაცული“, — აცხადებს თეონა აქუბარდია.















