ეკლესიის ზნეობრივი გაჯანსაღება და სეკულარიზმის რეალური საზღვრები
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მხრიდან სომხეთის სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოსის, გარეგინ II-ის ღია კრიტიკამ კიდევ ერთხელ წამოწია დღის წესრიგში უმნიშვნელოვანესი დილემა: სად გადის ზღვარი სახელმწიფოს სეკულარიზმსა და მის ვალდებულებას შორის, დაიცვას საზოგადოება ზნეობრივი გადაგვარებისგან მაშინ, როცა ეს უკანასკნელი ვითარდება არა რომელიმე კერძო სივრცეში, არამედ რელიგიური ავტორიტეტის სახით?
ის, რაც დღეს სომხეთში ხდება, არ წარმოადგენს სახელმწიფოს “უხეშ ჩარევას” ეკლესიის შიდა საქმეებში, როგორც ამას უაპელაციოდ ამტკიცებენ ულტრალიბერალი კრიტიკოსები. ფაშინიანი ეკლესიისთვის არ აყენებს არც დოგმატურ და არც ადმინისტრაციულ კრიტერიუმებს. მისი განცხადება არ ეხება თეოლოგიას – იგი ეხება ზნეობას, საჯაროობასა და ეროვნული ინტერესის თემატიკას. ეკლესიის “ავტონომია” არ ნიშნავს იმუნიტეტს ზნეობრივი სირცხვილისა და სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.
სეკულარიზმი, როგორც კონსტიტუციური პრინციპი, გულისხმობს კონფესიურ ნეიტრალიტეტს, მაგრამ არ გულისხმობს მორალურ ინდიფერენტიზმს, როდესაც რელიგიური ინსტიტუციის მეთაური ეჭვმიტანილია ქალწულების აღთქმის დარღვევასა და შვილის დაფარვაში, თანაც ბერობის პირობებში. ეს უკვე არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ მორწმუნე საზოგადოების მოტყუება და ეკლესიის ინსტიტუციური დისკრედიტაციაა.
გარდა ამისა, როცა კათალიკოსის მიმართ გამოითქმის სერიოზული ეჭვები მისი კრემლის პოლიტიკურ ორბიტაზე ყოფნის თაობაზე, საქმე ეხება არა მხოლოდ სულიერ დისციპლინას, არამედ სახელმწიფოს სუვერენიტეტს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და ინფორმაციული თუ პროპაგანდისტული ომის პრევენციას. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო არ შეიძლება გულგრილად რეაგირებდეს – ის ვალდებულია მკაცრად ფუნქციონირებდეს.
უმოქმედობის შემთხვევაში, ფაქტობრივად, შესაძლებელი ხდება რომ სეკულარიზმი, რომელიც თავისთავად წარმოადგენს თანამედროვე სახელმწიფოს იდენტობის საფუძველს, გადაიქცეს ფარად კრემლის იდეოლოგიური აგენტურის, კოლაბორაციონიზმისა და ზნეობრივი მანკიერების დასაცავად.
ამას ემატება კიდევ ერთი ფუნდამენტური ჭრილი – ფაშინიანი მხოლოდ პრემიერ-მინისტრი კი არ არის, არამედ რიგითი მორწმუნეც. როგორც ეკლესიის წევრს, მას აქვს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაც, გააპროტესტოს იმ სულიერი ავტორიტეტის უწესობა, რომელიც მას, როგორც მორწმუნეს, აღსარების, ევქარისტიისა და ზნეობრივი სწავლების მიღების მადლისმიერ წყაროს აძლევს. ღვთისმსახურის ცხოვრება არ არის “პირადი საქმე” – ის ყოველთვის კანონიკურ, საზოგადოებრივ და ზნეობრივ ღირებულებასთან არის კავშირში.
სამწუხაროდ, ლიბერალიზმის ამჟამინდელმა რადიკალიზაციამ და მისმა რელატივისტურმა მორალმა მიიყვანა საზოგადოება იქამდე, რომ ადამიანის უფლება ითვლება ყველაფერზე მაღალ ღირებულებად – მათ შორის სიწმინდეზეც, სინდისზეც და ზოგ შემთხვევაში სახელმწიფოებრივ უსაფრთხოებაზეც.
არადა, სწორად გაგებული სეკულარიზმი არ ნიშნავს ჩუმად დგომას ბოროტების წინაშე, მით უფრო უმწიფარი დემოკრატიის პირობებში. იგი ნიშნავს თანაცხოვრებას ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის – პასუხისმგებლობებით, პატივისცემითა და მკაფიო საზღვრებით.
ზნეობრივად დისკრედიტირებული კათალიკოსი, რომელიც საყვარელთან ფარულად აჩენს შვილს, ამ ნიადაგზე ხდება კომპრომიტირებული გარეშე ძალებისაგან და პარალელურად ტაძარში წმინდანობის ნიღაბს იკრავს, ვეღარ წარმოადგენს რელიგიური საზოგადოების სინდისს. ხოლო თუ ამას კრემლის ორკესტრირებულ გავლენასაც დავუმატებთ, მაშინ საქმე გვაქვს უკვე ეროვნულ და სულიერ კატასტროფასთან.
სწორედ ამიტომ, ფაშინიანის მოწოდება ზნეობრივი განწმენდისკენ არ არის სახელმწიფო ჩარევა ეკლესიის საქმეში – ეს არის მორწმუნე ადამიანის სულიერი პროტესტი და სახელმწიფოებრივი ლიდერის პასუხისმგებლობით აღჭურვილი მოქმედება.
ამდენად, სახელმწიფო, რომელიც თავის ეკლესიაში კრემლის აგენტს ხედავს და არაფერს აკეთებს, თავადვე ხდება ამ აგენტურის თანაინვესტორი”,-წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი

















