თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრეს შესახებ წერილს აქვეყნებს

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრეს შესახებ წერილს აქვეყნებს:

“ზნეობრივი და სულიერი თვალსაზრისით მღვდელმთავარი იგივეა, რაც – მეომარი სამოქალაქო მნიშვნელობით. მხედრები იცავენ ხალხს სახელმწიფო მტრებისგან, იერარქი მწყემსები (საკუთარი სიფხიზლით) კი უკეთური, უსამართლო, კონფორმისტი და ფარისეველი მომხვდურისაგან.

წმ. კვიპრიანე კართაგენელი ამბობდა: “უნდა გაიგოთ, რომ ეპისკოპოსი – ეკლესიაშია და ეკლესია – ეპისკოპოსში და ვინც ეპისკოპოსთან არ არის, ის არც ეკლესიაშია”!

სადღეისოდ, საქართველოს ეკლესიაში რაოდენობრივად ბევრი (46), მაგრამ ღირსებით – ცოტა ეპისკოპოსი გვყავს, რამეთუ კონიუქტურისადმი მონური სულისკვეთებით, კარიერიზმით, ჰომოსექსუალური სიშლეგით, ანტისახელმწიფოებრივი ცნობიერებით, ფანატიზმით, ერეტიკული აზროვნებით, კრემლისტური კოლაბორაციონიზმითა და უპიროვნო ადამიანობით დასნებოვნებულა ჩვენი ეპისკოპატი. თუმცა ღვთის მადლით, არსებობენ ჩინებულთა შორის რჩეულნი, რომელთაც ბოროტების პირისპირ – სიმამაცე, მართლმკვეთელობა, საღვთო შურისგება, კეთილშობილება, თავდადება და ღირსება გააჩნიათ.

ნათქვამია: “მონათხრობს, ნანახი სჯობიაო” და მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობა – ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრესთან გულწრფელმა აუდიენციამ, მის ლიტურგიაზე დასწრებამ და უშუალო საუბარმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

მინდა საჯაროდ გამოვხატო მადლიერება და მხარდაჭერა მეუფე პეტრესადმი, რომელიც პრინციპების, სამართლიანობისა და ღირსების ერთგულად დარჩა, მიუხედავად უამრავი ცილისწამებისა, პროვოკაციული ხაფანგისა თუ გამოწვევისა, რომელსაც შორენა თეთრუაშვილის უღმერთო სამდივნო და საპატრიარქოს ადმინისტრაციული აპარატი აწარმობდა (და ახლაც აწარმოებს) მასზე.

დაკომპლექსებული, შეშინებული, დაბოღმილი და შეცდომილი ოპონენტების გასაგონად კი შემდეგს ვიტყოდი: ჩაბრძანდით ჭყონდიდის ეპარქიაში და საკუთარი თვალით ნახეთ დაუცხრომელი მოღვაწეობის კეთილი ნაყოფი, გაესაუბრეთ მის მეუფებას და მერწმუნეთ, თუკი მანამდე განიკითხავდით – შეგრცხვებათ, თუკი მავანთა ჭორებს უჯერებდით – გაწბილდებით, თუკი გესიმპათიურებოდათ – უფრო მეტ სულიერ საზრდოსა და მღვდელმთავრულ პოზიტივს აღმოაჩენთ და შეგიყვარდებათ!

მეუფე პეტრე ეკლესიის რეალური აღორძინების მზაობით განმსჭვალული პიროვნებაა და კადნიერებას მისივე სიჯანსაღე და ღირსება ანიჭებს. იგი მათ არ ჰგავს, ვისაც ცხოვრება კრემლში დაუგეგმეს, ან კათედრაზე ასასვლელად საკუთარ თავზე კომპრომატი ხელთ დააჭერინეს.

მასთან შეხვედრისა და დამეგობრების შემდეგ სამგვარი გრძობა გამომყვა: ჩემ წარსულ წარმოდგენაზე – სინანული, აწმყოში – სიხარული და მომავლის მოლოდინში – იმედი!

ღმერთმა ძალა, ნუგეში და წარმატებები მიანიჭოს მის მეუფებას – “და იყოს იგი ვითარცა ხე, დანერგული თანა-წარსადინელსა წყალთასა, რომელმან გამოსცის ნაყოფი მისი ჟამსა თვისსა და ფურცელნი მისნი არა დასცვივენ, და ყოველივე რაიცა ჰყოს, წარემართოს მას” (ფსალ.1, 3).

დიდება ჯვარცმულ და მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვარს!

ისპოლა ეტი დესპოტა!

აქსიოს! აქსიოს! აქსიოს!

ერთგულებითა და პატივისცემით, სიმართლისა და ქრისტესმიერი ერთობის გზაზე” – გიორგი ტიგინაშვილი

banner
წინა სტატიაშიპროსტიტუციის ბრალდებით თურქეთში 8 ქართველი ქალი დააკავეს
შემდეგი სტატიადიღომში კორპუსის აფეთქების საქმეზე ყაზტრანსგაზის თანამშრომლებს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს