“2026 წელს დაგეგმილი საქართველოს ეკლესიის საპატრიარქო არჩევნები რამდენიმე მიმართულებით არის თვისობრივად განსხვავებული, რომელიც ზოგად ვითარებას კიდევ უფრო რთულს ხდის.
პრაქტიკული გარემოებები:
1. წმიდა სინოდის ამჟამინდელი შემადგენლობის არცერთი მღვდელმთავარი არ იმყოფებოდა მღვდელმთავრის ხარისხში 1977 წელს, როდესაც ბოლოს მოხდა ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა და სინოდის სრულ უმრავლესობას არც კი ახსოვს ეს მოვლენა. ახლანდელი სინოდის შემადგენლობიდან მხოლოდ ოთხ მღვდელმთავარს ახსოვს წინა საპატრიარქო არჩევნები, თუმცა, არცერთი მათგანი იმჟამად არ იყო მღვდელმთავარი (ორი იყო მღვდელი, ერთი – დიაკვანი, ერთი – საერო პირი) და შესაბამისად არ იყვნენ წმიდა სინოდის წევრები.
2. 1917-1977 წლებში გამართული ცხრა საპატრიარქო არჩევნების მონაწილე მღვდელმთავრები ერთდროულად რამდენიმე საპატრიარქო არჩევნების მონაწილენი გახლდნენ. დღესდღეობით ეს მოცემულობა საერთოდ არ არსებობს და ყველა მღვდელმთავარს პირველად უწევს აირჩიოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი.
3. კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა 1977 წელს მოხდა საქართველოს ეკლესიის 1945 წელს მიღებული მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, ხოლო ამჟამად მოხდება 1995 წელს მიღებული მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, რომლის ამ მხრივ აღსრულების არავითარი პრაქტიკული გამოცდილება არსებობს, არამედ თეორიულ დონეზე უნდა მოხდეს მისით ხელმძღვანელობა;
4. მეოცე საუკუნის ყველა კათოლიკოს-პატრიარქის არჩევისაგან განსხვავებული ხმის მიცემის პროცედურისაა 2026 წელს დაგეგმილი საპატრიარქო არჩევნები, როდესაც გადაწყვეტილების მიმღები ხმის მიცემის უფლება მხოლოდ მღვდელმთავრებს გააჩნიათ, რაც ამ მხრივ სიახლეა;
5. უკანასკნელად დამოუკიდებელ საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა მოხდა 1919 წელს, კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს შემთხვევაში. მას შემდგომ, კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსიდან დაწყებული კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ჩათვლით ყველა პატრიარქი არჩეული და აღსაყდრებულია საბჭოთა საქართველოში. შესაბამისად საუკუნეზე მეტი ხნის შემდგომ დამოუკიდებელ საქართველოში პირველად მოხდება ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა, რაც თანმდევ გამოწვევებს კიდევ უფრო საყურადღებოსა და საფრთხილოს ხდის”,_ აღნიშულ პოსტს სოციალურ ქსელში თეოლოგი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე აქვეყნებს.