თეოლოგები იოანე გამრეკელს: თქვენზე უფრო სამარცხვინო მმართველი არასოდეს ჰყოლია ქუთაისის ეპარქიას

პასუხი მიტროპოლიტ იოანეს!
თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ – მეუფეო იოანე!
ქართველ თეოლოგთა საშობაო ეპისტოლის შინაარსს, რომ ვერ ჩასწვდით და წაკითხული ვერ გაიაზრეთ, ეს არც გვიკვირს. არც ისაა მოულოდნელი, რომ სხვა კონფორმისტ და რუსოფილ მღვდელმთავართა მსგავსად კანონიკურ სამართალს დილეტანტის დონეზეც კი არ იცნობთ. თქვენი გაწიწმატებული რეაქცია და უბადრუკი ცინიზმიც სავსებით კანონზომიერია, რამეთუ “კაცმან სულელმან არა ცნას, და უგნურმან არა გულისჴმა-ყოს ესე” (ფსალმ. 91,7).
გამომდინარე იქიდან, რომ ვიცნობთ რა თქვენს სულმდაბალ ხასიათს, პარანოიდულ გამოხტომებს, კრემლისტურ ტრფიალებასა და პროფანირებულ ღირებულებებს, ნაკლებად გვაქვს იმედი, რომ ოდესმე ადექვატური იქნებით და ჩვენს რომელიმე გზავნილს სწორად აღიქვამთ. თქვენი ქმედებებიდან ვრწმუნნდებით, რომ კრიტიკა არათუ გრგებთ და რეფლექსიის საშუალებას გაძლევთ, არამედ კიდევ უფრო მეტად გაჯიუტებთ და ჩვენც იმედგაცრუებულებს გვტოვებს, რათა აქამდე არ დავყევით ბიბლიურ შეგონებას თქვენთან ოპონირების გზაზე – “რეგვენი სანაყავში რომც ნაყო, სირეგვნე მაინც არ მოსცილდება” (იგავ. 27,22).
ისღა დაგვრჩენია გვრცხვენოდეს, რომ ოდესღაც ჩვენი პედაგოგი იყავით თბილისის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში!
მიგვაჩნია, რომ თქვენზე სამარცხვინო, ნეოსადუკეველი, კოლაბორაციონისტი და რენეგატი მმართველი არასდროს ჰყოლია ქუთაის-გაენათის კათედრას, რომელზედაც თავის დროზე ბრწყინავდნენ თქვენგან შეყვარებულ რუსთაგან დევნილნი და წამებულნი: წმ. დოსითეოზ ქუთათელი, წმ. ექვთიმე გაენათელი და წმ. გაბრიელი (ქიქოძე)! დიახ, სწორედ თქვენისთანებზე სჩიოდა ნეტარი იერონიმე: “ყველა ეპისკოპოსი არ არის ჭეშმარიტი ეპისკოპოსი. გახსოვდეს, რომ მოციქული იყო როგორც პეტრე ასევე იუდაც. საეკლესიო ხარისხი ადამაინს არ აქცევს ნამდვილ ქრისტიანად”.
ჩვენ ვერ ავყვებით უღირსი ეპისკოპოსის გველურ სისინსა და მზაკვრულ სიტყვაობას! თუმცაღა იმისათვის, რომ საზოგადოებამ ობიექტურად და პირუთვნელად განსაჯოს მოცემული ვითარება, გიწვევთ საჯარო დებატებში, ნებისმიერ ფორმატში, სატელევიზიო ეთერით და გთავაზობთ საეკლესიო სამართლის შუქზე პოლემიკას, ჩვენს ეპისტოლეში წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით, რომელსაც თქვენ ცილისმწამებლური სიცოფით “წარმართთაგან ქვებისა და ტალახის სროლა უწოდეთ” და თეოლოგიური განათლების მიღებაც წამოგვაყვედრეთ. არადა ქვა და ტალახი სახელდობრ თქვენი და თქვენი უღმერთო კოლეგების დაყრილია და არ ელოდით, რომ “ნაკურთხი განათლებით” უკან დაუბრუნდებოდათ. მართალია, იდეოლოგიზებული სისტემისა და კონიუქტურისაგან “ნაკურთხი განათლებისთვის” ობიექტურობა და განსჯა შეუფერებელია და სხვაგარ შეფასებას თქვენგან არც მოველოდით!
დარწმუნებულნი ვართ, რომ საკუთრივ თქვენისთანებს გულისხმობდა წმ. გრიგოლი ღვთისმეტყველი, როცა მამხილებელი საყვირით ამბობდა: “ლომი, იქედნე, გველი უფრო დიდსულოვანნი და თავმდაბალნი არიან ამპარტავან ეპისკოპოსებთან შედარებით, რომლებშიც სიყვარულის ნაპერწკალიც კი არ არის. კარგად შეხედე და შენ ცხვრის ტყავში მგელს აღმოაჩენ. და თუ იგი მგელი არ არის, მაშინ დამიმტკიცოს ეს არა სიტყვებით, არამედ საქმით. ჩემთვის ფასი არა აქვს იმ სწავლებას, რომელიც ეწინააღმდეგება ცხოვრებას…”
ისღა დაგვრჩენია, ერთხმად შემოგძახოთ: ანაქსიოს! ანაქსიოს! ანაქსიოს!

თეოლოგები:
ზვიად ცაბაძე
გიორგი ტიგინაშვილი
ვლადი ნარსია
გოჩა ბარნოვი
გურამ ლურსმანაშვილი
ვანო შოშიაშვილი
მიხეილ ნებიერიძე
დავით ნებიერიძე
გიორგი გეგუჩაძე
რატი ბიგანიშვილი
გურამ პაპავა
გოგა ესიავა
ეკლესიის ისტორიის მკვლევარები:
ბექა ჭიჭინაძე
შოთა მათითაშვილი

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე – ქვეყანაში ტესტირება დაახლოებით რელიგიის 3 000 მსახურს ჩაუტარდა
შემდეგი სტატიამიტროპოლიტი იოანე თეოლოგებს პროვოკაციაში ადანაშაულებს