21.5 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

თენგო თევზაძე: თითქოს აქციის აკრძალვას, შეზღუდვას აპირებენ, რასაც ვერ დავემორჩილებით, მარში აუცილებლად გამოვა

26 მაისის აქციას თბილისის მერიის წერილი ხელს ვერ შეუშლის, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო თევზაძემ მედიასთან განაცხადა შეხვედრამდე, რომელიც „ოპოზიციის ალიანსის“ წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ ჯგუფებს შორის 26 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით შედგება.

კერძოდ, ოპოზიციონერმა ისაუბრა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ წერილზე, რომლის თანახმადაც, თბილისის მერია 26 მაისს, ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე კონსტრუქციების, მათ შორის სცენის მოწყობის უფლებას არ აძლევს.

„ვხვდებით პროტესტში აქტიურ მონაწილე ადამიანებს, ვისაც გავაცნობთ გეგმის ნაწილს, რაც 26 მაისს გვაქვს დაგეგმილი, იქნება დისკუსია.

რაც შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, უკვე 2 თვეა დაგეგმილია აქცია, მივმართეთ წერილით და მოგვდის პასუხი, რომ თითქოს ისინი არ დაგვადგმევინებენ სცენას, ან ხელს შეგვიშლიან აქციის, ანუ მარშის გამართვას, ასე ვერ მოხდება. ამ უბადრუკი მცდელობის მიუხედავად, ძალიან ბევრი ადამიანი მოვა რუსთაველზე, რასაც ნახავთ 26 მაისს”, – განაცხადა თევზაძემ.

მისი თქმით, ცხადია, რომ თბილისის მერს, კახა კალაძეს „გონივრულობა დაკარგული“ აქვს.

„აქცია 26 მაისს 31 მარტს დაანონსდა. თუ მათ ჰქონდათ რაიმე მსგავსი გადაწყვეტილება, უნდა ეთქვათ წინასწარ. ახლა შეშინებულები და დამფრთხალები არიან, იციან, რომ ბევრი ადამიანი გამოვა და თითქოს აქციის აკრძალვას და შეზღუდვას აპირებენ, ამას ვერ დავემორჩილებით, მარში აუცილებლად გამოვა, იქნება ათიათასობით ადამიანის თანამონაწილეობით“, – აღნიშნა თევზაძემ.

ამასთან, თევზაძე მედიასთან განმარტა, რომ რეგიონებიდან მოქალაქეების ორგანიზებული ჩამოყვანა არ მოხდება, თუმცა მთელს საქართველოს მოუწოდა, რომ შეუერთდნენ აქციას. პოლიტიკოსის თქმით, საკმარისად გამოვლენ ადამიანები, რომლებიც „რეჟიმს ეტყვიან, რომ არ შეეგუებიან რეპრესიებს“, რომელსაც „ქართული ოცნება“ ოპოზიციისა და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ახორციელეს.

თევზაძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილის შინაარსზეც, რომლის თანახმად, 26 მაისი „არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად“, რაზეც თენგო თევზაძემ უპასუხა, რომ მნიშვნელოვანია, იყოს ბევრი ხალხი და ოპოზიციურ პარტიებს აქვთ გეგმა.

„რაც შეეხება რა ფრონტში და წინააღმდეგობაში უნდა გადაიზარდოს, ამას გადაწყვეტენ ალიანსის პარტიები“, – აღნიშნა ოპოზიციონერმა.

banner
წინა სტატიაშისომხეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააკავეს
შემდეგი სტატიაირანის პარლამენტის სპიკერი: ირანი საკუთარი ხალხისა და ქვეყნის უფლებებთან დაკავშირებით კომპრომისზე არ წავა