25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

თენგო თევზაძე – “ქართული ოცნება” ცდილობს ჰუმანური აქტი პროპაგანდისთვის გამოიყენოს, რაც სამარცხვინოა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრისა და პარტია „ახალის“ წარმომადგენლის, თენგო თევზაძის განცხადებით, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული ყველა დაკავებული პირი პოლიტიკური პატიმარია და მათი გათავისუფლება კონსტიტუციისა და კანონის სრული დაცვით უნდა განხორციელდეს.

მისი თქმით, პატიმრების გათავისუფლება უნდა მოხდეს კანონით და კონსტიტუციით გათვალისწინებული პირობებით, არანაირი მონანიება და პროპაგანდისთვის ამ ჰუმანური აქტის გამოყენება.

“ნოემბერ-დეკემბრის, თუ 4 ოქტომბრის პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებული ყველა ეს ადამიანი არის პოლიტიკური პატიმარი და უნდა გათავისუფლდნენ. მათი გათავისუფლება უნდა მოხდეს კანონით და კონსტიტუციით გათვალისწინებული პირობებით. არანაირი მონანიება და პროპაგანდისთვის ამ ჰუმანური აქტის გამოყენება, ჩემი აზრით, სამარცხვინოა და „ქართული ოცნება“ ამას ცდილობს. ეს ადამიანები, ვინც ახლა რჩებიან ციხეში, უნდა გათავისუფლდნენ, ამისთვის ყველა სამართლებრივი გზა უნდა იქნას გამოყენებული. ვერ გეტყვით შეწყალების მიზეზი რა არის. ევროპასთან ურთიერთობების დალაგება რომ უნდოდეთ, ისინი ყველას გამოუშვებდნენ. ყველამ მშვენივრად იცის, რომ ანდრო ჭიჭინაძე, საბა ცხვიტარიძე და პოლიტიკური ლიდერები ტყუილად არიან ციხეში. აქედან გამომდინარე, ეს ერთეული, მცირე შემთხვევა, ევროპას ან ამერიკას ვერ მისცემს იმის განცდის საფუძველს, რომ ხელისუფლებას ურთიერთობების დალაგება სურს. არ მაქვს ინფორმაცია ამ ცხრა პირმა თავად მიმართა თუ არა მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით, თუმცა ეს არ ცვლის მათ სტატუსს და არ ცვლის მათ მდგომარეობას“, – განაცხადა თენგო თევზაძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტის მიერ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულ პატიმრებს შორის სხვადასხვა დროს საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირებიც მოხვდნენ. მიხეილ ყაველაშვილმა სულ 226 პირი შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და ექვს არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო სამ პირს ნასამართლობა მოეხსნა.

banner
წინა სტატიაშიზურა სიხარულიძე ბუავას გარდაცვალებაზე: ზედოზირების დროს ადამიანის მიტოვება შეიძლება მკვლელობად იქცეს
შემდეგი სტატიაალექსანდრე რაქვიაშვილი: ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდები ციხიდან გამოვიდნენ, იმედია, ბევრი სხვაც გამოვა