ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან საწვავის შეტანის საკითხს კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, თენგო თევზაძე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, აღნიშნული ფაქტი მომავალში აუცილებლად გახდება გამოძიების საგანი.
თევზაძის შეფასებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბენზინის მიწოდება ჰუმანიტარული ნაბიჯი არ არის:
„ეს არ არის სამედიცინო დახმარება, რომელიც კონკრეტულ აფხაზს სჭირდება, ან ელექტროენერგიით დახმარება. ბიძინა ივანიშვილი კრიმინალებთან, სეპარატისტებთან და რუსებთან ერთად აკეთებს ფულს. ჩამოგვიყალიბდა ე.წ. ხელისუფლება, რომელიც შეეკრა სეპარატისტებსა და რუსეთს. საქართველო, ერთი მხრივ, აქციეს სანქციებისთვის თავის არიდების მთავარ ტერიტორიად, ხოლო მეორე მხრივ — სახელმწიფოდ, სადაც პირდაპირ გავრცელდა „გრუ“-ს მიერ მოფიქრებული რუსული მესიჯი საქართველოში არსებული რუსოფობიის შესახებ“, — განაცხადა თენგო თევზაძემ.
დადასტურებული ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი მწვავე კრიზისის ფონზე, ენგურის ხიდის გავლით დამატებით ჯამში 400 ტონა ბენზინი შევიდა. ფაქტი ირაკლი კობახიძემ დაადასტურა და განაცხადა, რომ საწვავი რეგიონში არა მთავრობამ, არამედ კერძო ბიზნესმა შეიტანა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ბენზინი შპს „სოლიდუსმა“ შეიტანა. საქართველოს მთავრობამ 11 აგვისტოს გამოსცა განკარგულება, რითაც კომპანიას ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობის უფლება სამი თვით გაუხანგრძლივა. შპს „სოლიდუსის“ დამფუძნებლის, გიორგი არველაძის განცხადებით, მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, კომპანია საწვავის მიწოდებას გააგრძელებს.















