თენგო თევზაძე: ირაკლი კობახიძის განცხადება წაახალისებს უბნებზე ჩვენი დამკვირვებლების მიმართ ძალადობას

პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება წარმოადგენს „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის სადამკვირვებლო მისიაზე მიზანმიმართულ თავდასხმას, რაც წაახალისებს უბნებზე ჩვენი დამკვირვებლების მიმართ ძალადობას,“ – ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თენგო თევზაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, უკვე დაფიქსირდა ორგანიზაციის დამკვირვებლებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის არაერთი ფაქტი. მათ არ ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია საარჩევნო უბნებზე, ასევე გადაადგილების პრობლემა აქვთ დამკვირვებლების მობილურ ჯგუფებს.
„საგულისხმოა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. საარჩევნო პროცესების ეპიცენტრმა საარჩევნო უბნებიდან უკვე გადაინაცვლა კომისიების შენობების მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც ხდება მოქალაქეთა მობილიზება და ადამიანების თავისუფალ ნებაზე ზემოქმედება. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ფაქტები კანონით არ არის აკრძალული, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას და შესაბამის უწყებებს, უბნებზე უზრუნველყონ მშვიდი გარემო.“- განაცხადა თევზაძემ.
“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ცესკოს მიერ რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა. არჩევნების თავისუფალ, მშვიდ და მიუკერძოებელ გარემოში ჩატარებას და ამომრჩევლის მიერ კონსტიტუციური ხმის უფლების და ნების გამოხატვას, საქართველოს მასშტაბით, 24 ოლქში აკვირდება ორგანიზაციის 392 დამკვირვებელი და 21 მობილური ჯგუფი. დამკვირვებლებისთვის შეიქმნა სახელმძღვანელო, საარჩევნო კოდექსის ფარგლებში, უბნებზე მათი უფლებების და მოვალეობების შესახებ, მომზადდა დამკვირვებლის ანგარიშის და საჩივრის ფორმები. ორგანიზაციის მობილური ჯგუფები სპეციალურად შექმნილი ჩექ-ლისტის საფუძველზე შეამოწმებენ საარჩევნო უბნებს. ასევე, „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ში იმუშავებს იურისტთა ჯგუფი, რომელიც საუბნო დამკვირვებლებს დისტანციურად გაუწევს კონსულტაციას სამართალდარღვევების შემთხვევაში და, საჭიროებიდან გამომდინარე, ჩაერთვება საჩივრის მომზადების პროცესში.

banner
წინა სტატიაშითვითიზოლაციაში მყოფებმა ხმა ჯერ უბანზე მისცეს, გადასატანი ყუთი მათ სახლშიც მიუტანეს – დარღვევები გურიაში
შემდეგი სტატიააფიორა მარტვილში