თენგიზ ვერულავა ჯანდაცვის მიმართულებით წლის საუკეთესო მეცნიერად დასახელდა

შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა 2018 წლის შედეგები შეაჯამა და წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერები და მეცნიერთა ჯგუფები გამოავლინა.
დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც 10 დეკემბერს გაიმართა, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის მეცნიერების მიმართულებით 2018 წლის საუკეთესო მეცნიერად დასახელდა თენგიზ ვერულავა – მედიცინის აკადემიური დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ჯანდაცვისა და დაზღვევის ინსტიტუტის დირექტორი, აკად. გ. ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მას გადაეცა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2018 წლის წამახალისებელი სიგელი სიცოცხლის შემსწავლელ და ჯანდაცვის მეცნიერებების მიმართულებით მოღვაწე წლის საუკეთესო მეცნიერთა ჯგუფის ნომინაციაში.
თენგიზ ვერულავამ 2018 წელს 13 ნაშრომი გამოაქვეყნა საერთაშორისო რეფერირებად იმპაქტფაქტორიან ჟურნალებში, რომლებიც რეგისტრირებულია SCOPUS-ის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში.
იგი ამავე წელს გახდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის მფლობელი კვლევისათვის „პირველადი ჯანდაცვის სისტემა და მისი როლი ჯანმრთელობის კაპიტალის ამაღლებაში“.
მისი ავტორობით წელს გამოიცა 2 წიგნი: :ჯანდაცვის სისტემა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918-1921)“, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიუძღვნა და „დაზღვევის ისტორია“.
წელს აირჩიეს საერთაშორისო იმპაქტფაქტორიანი ჟურნალის „Home Health Care Management & Practice“ (SAGE Publishing) სარედაქციო საბჭოს წევრად. ჟურნალი რეგისტრირებულია SCOPUS საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში.
მისი ხელმძღვანელობით მეექვსე წელია ტარდება სამეცნიერო კონფერენცია „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგიის აქტუალური საკითხები“, მისი რედაქტორობით გამოდის საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალი „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ (გამოიცა 5 ნომერი).
თენგიზ ვერულავა ავტორია 14 წიგნის (მათ შორის 4 სახელმძღვანელო), 18 ნაშრომის (გამოქვეყნდა SCOPUS-ის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში რეგისტრირებულ რეფერირებად იმპაქტფაქტორიან ჟურნალებში) და 73 სტატიის (გამოქვეყნდა საერთაშორისო და რესპუბლიკურ რეფერირებად ჟურნალებში). არის 3 საერთაშორსო სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი.
თენგიზ ვერულავამ მოიპოვა h-index – 4, ციტირება – 37 (SCOPUS), h-index – 5, ციტირება – 69 (Google Scholar).
წლის საუკეთესო მეცნიერებად დასახელდნენ სამეცნიერო ჯგუფის წევრები:
იაგო კაჭკაჭიშვილი – სოციოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების ხელმძღვანელი, სოციალური ანალიზისა და კვლევის ინსტიტუტის (IშშA) დირექტორი.
რევაზ ჯორბენაძე – მედიცინის აკადემიური დოქტორი, აკად. გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.
ლეილა კარიმი – ლა ტრობეს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის პროფესორი (მელბურნი, ავსტრალია).
აღსანიშნავია, რომ ლეილა კარიმი ჩვენი თანამემამულეა, რომლის წინაპრები ჟამთა სიავემ საუკუნეების წინ საქართველოდან სპარსეთში გადაისროლა. ლეილა დღეს მელბურნის ლა ტრობეს უნივერსიტეტის პროფესორია (h-index 12, Total citations 368) და აქტიურად თანამშრომლობს ქართველ მეცნიერებთან.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2018 წლის კონკურსში “ჯილდო წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერთა და მეცნიერთა ჯგუფებისთვის“ განაცხადი 22-მა პრეტენდენტმა წარადგინა.
კონკურსი იმართება საქართველოს და საერთაშორისო მკვლევართა წახალისების, მათი აქტიური, ნაყოფიერი მოღვაწეობისა და ჩართულობისთვის მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში. ამასთან, გაწეული განსაკუთრებული მიღწევების დაფასებისთვის, საქართველოს მეცნიერებისა და ჩვენი ქვეყნის შესახებ კვლევების პოპულარიზაციისათვის.

banner
წინა სტატიაში„ბატონო პრეზიდენტო, მე თქვენთან დავიწყე მუშაობა და თქვენთანვე დავამთავრებ!“- გიორგი აბაშიშვილის ემოციური მიმართვა გიორგი მარგველაშვილს
შემდეგი სტატიაინტერნეტ და მობაილბანკის გათამაშება გრძელდება