ჯაფარიძეს საცირკო სანახაობის დადგმის საშუალებას არ მივცემთ – აქვს არგუმენტები?! ედებატოს იმას, ვისაც ჩვენი პარტია გამოყოფს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა თავად უნდა განსაზღვრონ, კონკრეტულ შემთხვევაში თავისი პოზიცია ვინ უნდა წარადგინოს.
როგორც შარმანაშვილი აღნიშნავს, ირაკლი კობახიძის გადასაწყვეტია, გამართავს თუ არა ზურაბ გირჩი ჯაფარიძესთან დებატებს.
ცნობისთვის, დებატებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის განცხადების პასუხად, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ის დებატებში პერსონალურად ირაკლი კობახიძეს იწვევს.
„პირადად შენ, ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ დროს“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.
მანამდე, პრემიერმა განაცხადა, რომ ქვეყანაში დებატები უნდა დაბრუნდეს.
„ვალდებული ვართ, ხალხს დავუბრუნოთ დებატებით სარგებლობის უფლება – უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში”, – განაცხადა კობახიძემ.















