თენგიზ ფხალაძე ბუქარესტის სამიტის მუშაობაში მონაწილეობს

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ ბუქარესტის ფორუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა, რომელზეც საერთაშორისო თანამშრომლობისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილება.

თენგიზ ფხალაძე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა, რომელიც ინიციატივას “ჩინეთის გზა და სარტყელი” ეძღვნებოდა და ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე, როგორც აღმოსავლეთ- დასავლეთის დამაკავშირებელ ხიდზე. ისაუბრა მიმდინარე საერთაშორისო პროექტების შესახებ და იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც საქართველო ქმნის.

თენგიზ ფხალაძის განცხადებით, საქართველოს, როგორც პასუხისმგებლიანი პარტნიორისა და ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის ქვეყნის ჩართულობა ამ პროექტში ხელს შეუწყობს მრავალმხრივ საერთაშორისო თანამშრომლობას.

“ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს იმ ტიპის პროექტებისათვის, სადაც ყველა მხარე მოგებულია. საქართველოს დაცულობა და შემდგომი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მეტი სტაბილურობის მომტანია და ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას”,- განაცხადა ფხალაძემ.

დახურულ ფორმატში გამართული მეორე სესია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, საქართველო-უკრაინა-მოლდოვას კონფლიქტებს და მეზობლებისადმი რუსეთის პოლიტიკას ეძღვნებოდა.

თენგიზ ფხალაძემ აუდიტორიას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე და მცოცავი ოკუპაციისა და ფარული ანექსიის შესახებ. ხაზგასმით აღინიშნა, რომ რუსეთის შეკავების ერთადერთი საშუალება საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციაა.

banner
წინა სტატიაშიევროპული ლიცენზირება ქართველი ექიმებისათვის საქართველოშივე გახდება შესაძლებელი
შემდეგი სტატია„თბილისობასთან“ დაკავშირებით, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია