თენგიზ ფხალაძე – ბრიუსელის სამიტი შესაძლოა, მნიშვნელოვანი ეტაპი იყოს – თანამშრომლობისთვის ახალი ნაბიჯები უნდა გადაიდგას

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ბრიუსელში 15 დეკემბერს სამიტზე იმ ფონზე იკრიბებიან, როცა შავი ზღვის რეგიონის აღმოსავლეთ ფლანგი უფრო და უფრო ცხელი წერტილი ხდება ევროპის უსაფრთხოებისთვის. მიმდინარე კვირაში პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტ პუტინთან გამოხატა შეშფოთება მოსკოვის მიერ [უკრაინის საზღვართან] ჯარების მობილიზების გამო, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება უკრაინის წინააღმდეგ ახალი აგრესიისთვის მომზადებად მიიჩნევს. თუმცა, უკრაინა არ არის ერთადერთი ბრძოლის ველი შავი ზღვის რეგიონში. საქართველო რუსული აგრესიის კიდევ ერთი მსხვერპლია. ქვეყნის 20 პროცენტი კვლავ რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულია. მცოცავი ოკუპაცია (ანუ რასაც რუსეთი „ბორდერიზაციას“ უწოდებს), მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცება, წამება, ქართველების ეთნიკური ნიშნით დევნა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სხვა დარღვევები სასტიკ რეალობად იქცა საოკუპაციო ხაზსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის. ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს მოლდოვასაც, რაშიც მთავარი დამნაშავე რუსეთია.

მოლდოვაში ბოლო დროს ბუნებრივ გაზთან დაკავშირებით შექმნილი კრიზისი მკვეთრად აჩვენებს, თუ როგორ იყენებს რუსეთი საკუთარი ენერგორესურსების ექსპორტს იარაღად და ეს კიდევ ერთი გაფრთხილება უნდა იყოს ევროპისთვის და მათთვის, ვინც მხარს უჭერს “ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტს,” – აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი გასულ წელს ბათუმში ჩატარებულ „ასოცირებული ტრიოს“ სამიტსა და მის მნიშვნელობაზეც საუბრობს.

„გასული წლის ივლისში „ასოცირებულმა ტრიომ“ ხელი მოაწერა ბათუმის დეკლარაციას, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურა “ურყევი ვალდებულება, გააგრძელოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ყოვლისმომცველი რეფორმების გზით…” გააძლიეროს სამმხრივი თანამშრომლობა ევროპული ინტეგრაციის საკითხზე და გაიმეოროს დაპირება, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ერთად იმუშავებენ მშვიდობიანი, დემოკრატიული და აყვავებული ევროპული მომავლისთვის“. შარლ მიშელმა, რომელიც ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო, ბათუმის სამიტს უწოდა “მნიშვნელოვანი ეტაპი”, რომელიც “ხაზს უსვამს განსაკუთრებულ ურთიერთობებს, რომლებიც ევროკავშირს მის ასოცირებულ პარტნიორებთან კავშირებს “, – ვკითხულობთ სტატიაში.

ავტორი საუბრობს შავი ზღვის რეგიონის და ასევე ევროკავშირსა და „ასოცირებულ ტრიოს“ შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ხაზს უსვამს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ კვირაში დაგეგმილი სამიტი მნიშვნელოვანი ეტაპია.

„აშკარაა, რომ მიზანი „მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა“ სრულად განხორციელებადი მხოლოდ მაშინ იქნება, როდესაც ევროკავშირი „ასოცირებულ ტრიოს“ მიიღებს… მომავალი კვირის ბრიუსელის სამიტი შესაძლოა მნიშვნელოვანი ეტაპი იყოს. დღეს ევროკავშირი არ არის მზად აღმოსავლეთის ინტეგრაციისთვის ახალი პოლიტიკური ვალდებულებები აიღოს და ასოცირებულ სამეულს ჯერ კიდევ აქვს გასავლელი გზა, სანამ ევროკავშირში გაწევრიანება რეალური გახდება. თუმცა, თანამშრომლობისთვის ახალი ნაბიჯები შეიძლება და უნდა გადაიდგას, რაც გამოავლენს ყველა მხარის გრძელვადიან ერთგულებას რეგიონში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. ასეთი ამბიცია შეიძლება მოიცავდეს თანამშრომლობას უმაღლეს განათლების სფეროში და უკეთეს შესაძლებლობებს სტუდენტებისა და მოსწავლეების გაცვლისთვის, თანამშრომლობას ინფრასტრუქტურისა და სერვისების რეგულაციებზე (მაგ. როუმინგის რეგულაციები) და ახალი პროექტების/მინი საგზაო რუკების დაწყებას უკეთესი სექტორული ინტეგრაციისთვის. უფრო მეტიც, ევროკავშირს შეუძლია მიიწვიოს „ასოცირებული ტრიო“ „სამი ზღვის ინიციატივაში“. ასეთი ინიციატივები იქნება ძლიერი პოლიტიკური სიგნალი იმისა, რომ ევროკავშირი არის ერთიანი და მტკიცე ევროპელი მეზობლების მიმართ, და რომ ის მზადაა გამოიყენოს პრინციპი „მეტი მეტისთვის“. ის, რაც ხდება შავი ზღვის რეგიონში, არ რჩება რეგიონში – და, საბოლოოდ, ეს გავლენას მოახდენს ევროკავშირზე. ევროკავშირს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ იყოს პასიური. უკრაინის მიმართ რუსეთის ახალი აგრესიის გათვალისწინებით, რეგიონს სჭირდება ევროპა,”- ვკითხულობთ სტატიაში.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შესასწავლად, ომბუდსმენის კონსილიუმს კიდევ ერთი ექიმი დაემატება
შემდეგი სტატიაბირთვული მასალების კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე რეგიონული სწავლება გაიმართა