(video) თენგიზ ჯგუშია: ბესო მოკლეს!

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელი თენგიზ ჯგუშია ზუგდიდში, დგებუაძის ქუჩაზე საწყობის აფეთქებას წინასწარგნაზრახულ ქმედებად აფასებს და სუს-ს ადანაშაულებს.

თენგიზ ჯგუშია ამბობს, რომ აფეთქებისას დაღუპული 41 წლის ბესო ჯგუშია, უბრალოდ, თავიდან მოიშორეს, რადგან მას ედგა გვერდით.
„ის იყო ახალგაზრდა კაცი, რომელსაც მტერი არ ჰყოლია. მოკლეს იმისთვის, რომ იყო ჩემი თანამებრძოლი, ამბობდა სიმართლეს, სოციალურ ქსელში პოსტავდა ფსევდონიმით, ლუკმა რომ არ წაერთმიათ მისი ოჯახისთვის.
2014 წელს მეც დამაშანტაჟეს, ან საქმე უნდა ამერჩია, ან პოლიტიკური აქტიურობა, მე რა თქმა უნდა ავირჩიე თავისუფლება და უარი ვთქვი სამსახურზე, მაშინ ეს ფაქტი არ გამისაჯაროებია, რადგან სამსახურს დაკარგავდა ათამდე ოჯახი, რომლებიც ჩემს მიერ იყვნენ იქ დასაქმებულები დისტრიბუტორებად.
აფეთქება მიზანმიმართულად მოხდა. ეს იყო აფეთქება, რომელიც პროფესიონალების მიერ იყო გაკეთებული. ის იყო ჩემთვის ბურჯი, ეს სუსმა იცოდა. მათ მოინდომეს ჩემი ნეიტრალიზება. ეს რომ ბიზნესისთვის დარტყმა ყოფილიყო, ვის რაში სჭირდებოდა ზუგდიდის მეათეხარისხოვანი საწყობი, როცა კომპანიას ასეთი საწყობები აქვს მთელი საქართველოს მასშტაბით, თბილისში, ბათუმში და ბევრგან. მოგეხსენებათ, ზუგდიდი შედარებით დაბალი გაყიდვების რეგიონია, ამიტომ ბიზნესი აქ არაფერ შუაშია“, – განაცხადა თენგიზ ჯგუშიამ.

“იმ ადგილას “საწყობების ბუმია”, მაგრამ მხოლოდ ეს საწყობი აფეთქდა და ეს იმ დროს დაემთხვა, როცა ბესო ჯგუშია საღამოობით, თითქმის ერთსა და იმავე დროს, საწყობში შედიოდა. “5-10 წუთის შესული იყო ბესო საწყობში, როცა აფეთქება მოხდა”, – განაცხადა თენგიზ ჯგუშიამ მეორე არხის ეთერში.
აღსანიშნავია, რომ შენობა, რომელიც აფეთქდა, გაეროს ზუგდიდის ოფისის ყოფილი შენობაა, რომელიც თავის დროზე, სწორედ გაეროს უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინებით აშენდა – ორმაგი კედლითა და სხვა პარამეტრებით. აფეთქებამ ბეტონის ფილები მომცრო ნაწილებად დაშალა.

ბესიკ ჯგუშია არასამთავრობო ორგანიზაცია „სამეგრელოს ხმის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. ორგანიზაცია 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „არასაპარლამენტო ოპოზიცია – კუკავა – ჩიხრაძის“ სახელით მონაწილეობდა.
ზუგდიდში დგებუაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების გამო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

 

banner
წინა სტატიაშიКГБ-ს მდიდარი აგენტები ღარიბ ,,ნაჩალნიკთან,, იუბილეზე
შემდეგი სტატიაგერმანიამ პირველად – თურქ სამხედროებს თავშესაფარი მისცა