„საქართველოში დაიწყო შიგაგავრცელების ეტაპი, რომელიც შეიცავს გაცილებით დიდ რისკებს, ვიდრე ეს იყო მანამდე, სანამ შენარჩუნებული იყო მესამე რიგის გადაცემა. ეს იმას გულისხმობდა, რომ კონტაქტები იყო გამოვლენილი. ცალსახად ვამბობ, რომ სიტუაცია პრეკრიზისულია – სამი კერა გამოვლინდა,ს ადაც ვერ მოხერხდა ხელის დადება იმაზე, თუ ვისგან დაინფიცირდა პაციენტი, არ არსებობს პირდაპირი კონტაქტები. აქ უნდა გამოვიყენოთ სხვა სახის მიდგომა. აქ უნდა გამოვიყენოთ კარანტინები, მოსახლეობისთვის გადაადგილებისა და შეკრებების შეზღუდვა – არა მხოლოდ ერთეულების გამოკვლევა, არამედ უნდა დავიწყოთ მასიური გამოკვლევა. ჯერჯერობით მთელი მოსახლეობის კარანტინის საკითხი არ დგას – მართალია, კონკრეტული კონტაქტები არ ვიცით, ფართო კვლევაა საჭირო, მაგრამ ის, მაგალითად, მარნეულის შემთხვევა, ასახელებს ადგილებს, სადაც იყო – წლისთავზე, საველე სამუშაოზე, მაგრამ იყო მხოლოდ მარნეულში. არ არის ცნობილი ზუსტად პირები, მაგრამ ცნობილია არეალი – ეს აადვილებს საქმეს. ჯერჯერობით ამ მარნეულის შემთხვევაში პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ გამოვლინდა ცოტა ინფიცირებული”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 90 დადასტურებული შემთხვევაა – აქედან 16 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.